ბაღის თანამშრომლის გარდაცვალებას სასწავლო პროცესის შეჩერება მოჰყვა – რა ხდება 39-ე ბაგა-ბაღში

39-ე ბაგა-ბაღის თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის მუნიციპალიტეტის ცენტრი იკვლევს და დასკვნის შედეგი, სავარაუდოდ, 21 აპრილს გახდება ცნობილი – ამის შესახებ „კვირას“ ცენტრის დირექტორმა ციცო დილებაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დაახლოებით 21 აპრილსვე გახდება ცნობილი, საბავშვო ბაგა-ბაღის 90 -მდე აღსაზრდელისა და 30 – მდე თანამშრომლის ნაცხის კვლევის შედეგებიც. 39-ე ბაგა -ბარში სასწავლო პროცესი უკვე სამი დღეა შეწყვეტილია და საბავშვო დაწესებულება მუშაობას ორშაბათს, 20 აპრილს განაახლებს. ცნობილია, რომ 14 აპრილს, თბილისში, დიღმის მასივში მდებარე 39-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწე ლ. ა – შვილი გაურკვეველი მიზეზით სახლში გარდაიცვალა. 57 წლის ლ. ა-შვილის ცხედარს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გამოკვლევა უკვე ჩაუტარდა. თუმცა, გარდაცვლილების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. როგორც ბაღის დირექტორმა ნატა მოხევიშვილმა „კვირას“ განუცხადა, გარდაცვლილს სხეულზე გამონაყარი და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. მისი თქმით, სწორედ ამის გამო, ბაღის თანამშრომლებსა და აღსაზრდელების მშობლებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ლ.ა-შვილის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, მენინგოკოცემიის ვირუსია. სწორედ ამის გამო ბაღის დირექტორმა მშობლების მოთხოვნით, საბავშვო დაწესებულება დროებით დაკეტა და პრევენციული ღონისძიებები ჩაატარა. დირექტორის ინფორმაციით, ლ. ა.- შვილი გარდაცვალებამდე 8 აპრილს სამსახურში გამოცხადდა და ბავშვებთან კონტაქტი ჰქონდა.
„ჩვენ სასწავლო პროცესი 15 აპრილს შევწყვიტეთ და სანიტარული დღეები გამოვაცხადეთ. მშობლების მოთხოვნით, ჩავატარეთ სადეზინფექციო ღონისძიებები. რადგან თანამშრომელი გარდაიცვალა და დიაგნოზი ამ დრომდე გაურკვეველია, იყო ეჭვი მინინგოკოქცემიაზე, რომლის შესახებ კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს. პრევენციის მიზნით ბაგა-ბაღების სააგენტოს შეთანხმებით შევაჩერეთ სასწავლო პროცესი. სანამ გარდაიცვლებოდა, 8 აპრილს ბავშვებთან ხომ ჰქონდა კონტაქტი, იმ დღეს, ქალბატონი იყო ბაღში, ბავშვებთან შეხება ჰქონდა, ბავშვებს უვლიდა. ამის შემდეგ 5-დღიანი სააღდგომო არდადეგები გვქონდა. არდადეგების შემდეგ სამშაბათს, 14 აპრილს რომ მოვედით საბავშვო ბაღში, ქალბატონი ვეღარ გამოვიდა და გავიგეთ, რომ სახლში გარდაიცვალა. ოჯახის წევრებისგან გავიგეთ, რომ პედაგოგის თანაშემწეს ტემპერატურამ აუწია, ჰქონდა პირღებინება, სხეულზე გამონაყარი და სისხლჩაქცევებიც აღენიშნებოდა. ამავდროულად, საერთო სისუსტეც ჰქონდა, ამ სიმპტომების გამო ეჭვი გაგვიჩნდა, ხომ არ არის მენინგოკოქცემია. იმის გამო, რომ ყველა ეჭვი გამოგვერიცხა, საბავშვო დაწესებულებაში დეზინფექცია ჩავატარეთ და თითქმის ყველა ბავშვს პირის ღრუდან ნაცხი აუღეს“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას 39-ე ბაგა-ბაღის დირექტორმა ნატა მოხევიშვილმა. „კვირამ“ გაარკვია, რომ 39-ე ბაგა-ბაღში სადეზინფექციო საშუალებად – OLdez-ი გამოიყენეს.
– OLdez-ის შემადგენელი ძირითადი ნივთიერებაა: პოლიჰექსამეთილენგუანიდინ ჰიდროქლორიდი. ეს სადეზინფექციო ხსნარი გამოირჩევა მოქმედების ფართო სპექტრით და ხანგრძლივობით, დაწყებული კვების ობიექტებიდან, დამთავრებული ბავშვთა და მოზართა დაწესებულებებით.
• ხსნარი არ შეიცავს ქლორს და არ იწვევს ალერგიას, არის უსუნო და უფერო, არ მოქმედებს კანის და ლორწოვანი გარსის გამაღიზიანებლად. არ წარმოშობს ტოქსიკურ ნაერთებს.
• აქტიურად მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკრობებზე, ტუპერკულიოზის ჩათვლით, ვირუსებზე, ჰეპატიტებზე, შიდსზე, პოლიომიელიტზე, ჰერპესსა და გრიპის ვირუსებზე, აგრეთვე სოკოებსა და სპორებზე.
• ხსნარი აქტიურად გამოიყენება როგორც წყლის გამწმენდი. აუზების წყლის სადეზინფექციოდ, აგრეთვე სასმელი წყლის, წყალსატევებისა და ჭაბურღილების წყლების სადეზინფექციოდ.
39-ე ბაგა-ბაღში სულ 408 აღსაზრდელია. 57 წლის ლ. ა-შვილი ბაგა-ბაღში რამდენიმე წელი მუშაობდა. გარდაცვალებამდე, მას უშუალო კონტაქტი 4-5 წლის ჯგუფის აღსაზრდელებთან ჰქონდა, სადაც დაახლოებით 40-მდე ბავშვი იმყოფებოდა.
57 წლის ლ.ა-შვილი ხუთშაბათს, 16 აპრილს დაკრძალეს.
39-ე ბაგა- ბაღი სასწავლო პროცესს ორშაბათს, 20 აპრილს გაანახლებს.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები