საქართველოში შესაძლოა, „ვეფხისტყაოსნის“ ინსტიტუტი დაარსდეს

საქართველოს და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, შესაძლოა, თბილისში „ვეფხისტყაოსნის“ ინსტიტუტი გაიხსნას. ამის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ინსტიტუტის შექმნის იდეის ერთ-ერთმა ავტორმა, პუბლიცისტმა, მკვლევარმა და აღმოსავლეთმცოდნემ ლევან რამიშვილმა, მწერალმა ბესო ხვედელიძემ და პოეტმა გაგა ნახუცრიშვილიმა ისაუბრეს.
რამიშვილმა „ვეფხისტყაოსნის“ მნიშვნელობაზე და მისი პოპულარიზაციის საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, გოეთეს, სერვანტესისა და სხვა დიდი მწერლების მსგავსად, აუცილებელია საქართველომ „ვეფხისტყაოსნის“ ინსტიტუტი შექმნას. რამიშვილმა იმ რამდენიმე ნაბიჯის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ინსტიტუტის საქმიანობის ფარგლებში უნდა გადაიდგას.
„ვეფხისტყაოსანი“ რომ ყველასთვის გასაგები იყოს, აუცილებელია მისი სიტყვა- სიტყვითი თარგმანი მოხდეს და არა მხატვრული. აუცილებელია „ვეფხისტყაოსნის“ ვებგვერდი გაკეთდეს, რომელიც რამდენიმე ენაზე იქნება. აუცილებელია რუსთაველისადმი მიძღვნილი კონფერენციები ჩატარდეს, ნაწარმოების მიხედვით გადაღებული იყოს დოკუმენტური ფილმები. აუცილებელია სახელმწიფომ ამ ინსტიტუტის დაარსებაზე იფიქროს, ეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საქმეა, თუმცა ამას წელიწადში რამდენიმე მილიონდოლარიანი ბიუჯეტი დასჭირდება. ეს იდეა კულტურის სამინისტრომ უკვე განიხილა“, – განაცხადა ლევან რამიშვილმა.
„ვეფხისტყაოსნის“ ინსტიტუტის შექმნის იდეის ოფიციალური პრეზენტაცია 19 აპრილს, 15:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები