გიორგი ალიბეგაშვილმა და დავით ნარმანიამ ნიკო გომელაურის სახელობის სკვერი გახსნეს
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მსახიობისა და პოეტის, ნიკო გომელაურის სახელობის სკვერის გახსნეს. სკვერი, რომელიც თავისუფლების მოედანზე, ალექსანდრე გრიბოედოვისა და თავისუფალი თეატრების გვერდით მდებარეობს, მერიის ინიციატივით დაარსდა, მისი კეთილმოწყობის სამუშაოები კი თბილისის განვითარების ფონდმა განახორციელა. გახსნის ცერემონიალს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, მსახიობის მეგობრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარემ ღონისძიებაზე, ნიკო გომელაურის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათი მეშვეობით დედაქალაქისთვის ძვირფასი ადამიანებისთვის პატივის მიგება და მათი სახელების უკვდავყოფა ხდება.
“საოცრად ამაღელვებელი, სადა და, ამავდროულად, გულწრფელი დღეა, ისეთივე სადა და გულწრფელ გარემოში როგორიც ნიკო გომელაური იყო. მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია არა მარტო ქალაქის იერსახისთვის, არამედ საშუალებას იძლევა პატივი მივაგოთ დედაქალაქისთვის ძვირფას ადამიანებს და მათი სახელები მომავალ თაობას შემოვუნახოთ. გომელაურის პოეზია თავისი სისადავით, გულწრფელობით და სიყვარულის უნიკალური გამოვლენის ფორმით გამორჩეულია მისი თანამედროვე პოეტების შემოქმედებისგან. შეიძლება ნაადრევია ამის თქმა, მაგრამ მის ლექსებზე ბევრი ახალგაზრდა გაიზრდება და ისწავლის“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.