თბილისში ნიკო გომელაურის სახელობის სკვერი გაიხსნა
თბილისს ახალი – ნიკო გომელაურის სახელობის სკვერი შეემატა. თავისუფალი თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მსახიობისა და პოეტის სახელობის ახალი სკვერის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ნიკო გომელაურის ოჯახის წევრები და ახლობლები, თბილისის მერიის წარმომადგენლები, თავისუფალი თეატრის მსახიობები და ნიკო გომელაურის შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.
ახალ სკვერში ნიკო გომელაურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-გამოფენაც გაიმართა. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ნიკო გომელაურის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, რომლებიც თავიდანვე აქტიურად იყვნენ ჩართული ამ საქმეში.
„ნიკო გომელაური სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან, მაშინ, როდესაც შემოქმედებითი სიმწიფის ასაკში შედიოდა. ასაკის მიუხედავად, მან ღრმა კვალი დატოვა ქართულ კულტურაში, ადამიანთა გულებში, დამსახურებულად მოიპოვა სიყვარული და პატივისცემა როგორც ხელოვანმა, მოქალაქემ და მეგობარმა. ამდენად, ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნდა ნიკო გომელაურის სახელის უკვდავყოფა დედაქალაქში, იმ ადგილას, სადაც იგი მოღვაწეობდა – თავისუფალ თეატრთან, რომელიც, ალბათ, ყველაზე უკეთ და სრულად გამოხატავდა ამ ადამიანის სულისკვეთებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნიკო გომელაურმა ჩვენს დედაქალაქს კიდევ ერთი შესანიშნავი სკვერი შესძინა, რომელიც თბილისელების საყვარელ ადგილად იქცევა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერიის ინიციატივით, ნიკო გომელაურის სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2014 წლის ზაფხულში დაიწყო და 2015 წლის აპრილის დასაწყისში დაასრულა. პროექტის ავტორია თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე. მსახიობის მონუმენტი მოქანდაკე როკო ირემაშვილის ავტორობით დაიდგა.
მერიის ინფორმაციით, სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე, სკვერის ტერიტორია მოპირკეთდა მაღალი ხარისხის ბაზალტის ფილებით, ირგვლივ ჩატარდა გამწვანებითი სამუშაოები, დაირგო დეკორატიული მცენარეები, კიბეებზე დამაგრდა რკინის მოაჯირები, დაიდგა სკამები, სკვერში ასევე დამონტაჟდა სანათები და გაკეთდა თეატრის აფიშის დაფა. პროექტის მეორე ეტაპზე ნიკო გომელაურის ლექსები ლითონის ასოებით დაიწერა და სკვერის საფეხმავლო მონაკვეთზე, სკამებსა და კედელზე განთავსდა.