თბილისის მერი მუსიკოს-შემსრულებელთა VI კონკურსის გახსნას დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა VI კონკურსის გახსნას დაესწრო. დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერია კვლავაც აქტიურად დაუჭერს მხარს კონკურსს, რომლის მიზანი ახალგაზრდა, ნიჭიერ მუსიკოსთა გამოვლენა და მათი წახალისებაა.
„საქართველოს მუსიკოს–შემსრულებელთა კონკურსი თბილისის კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდობისთვის, როგორც კლასიკური ხელოვნებისა და მაღალი მუსიკალური გემოვნების სკოლა“, – განაცხადა თბილისის მერმა და წარმატება უსურვა კონკურსის მონაწილეებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კონკურსში, რომელიც 27 აპრილამდე გაგრძელდება, მუსიკოსთა ახალი თაობაა წარმოდგენილი. მასში მონაწილეობის სურვილი 160-მდე კონკურსანტმა გამოთქვა როგორც კონსერვატორიიდან, ისე თბილისის, ქუთაისის, ტყიბულის და თელავის მუსიკალური სკოლებიდან და სასწავლებლებიდან. გარდა ამისა, კონკურსგარეშე მონაწილეობენ 16 წლამდე ასაკის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები.
საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსს 1995 წელს ჩაეყარა საფუძველი პროფესორ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით. კონკურსის დამფუძნებლები არიან ქ. თბილისის მერია და საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომლებიც ტრადიციულად აფინანსებენ კონკურსს.