დედოფლისწყაროში მრავალპროფილიანი საავადმყოფო აშენდება
დედოფლისწყაროში მრავალპროფილიანი საავადმყოფო აშენდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კახეთში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, პროექტის ღირებულებაა 3 მილიონ 700 ათასი ლარია და მას სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს.
„პირველ რიგში, მოგახსენებთ ერთ მნიშვნელოვან პროექტზე. ჩვენ ვგეგმავთ, ავაშენოთ დედოფლისწყაროში მრავალპროფილიანი საავადმყოფო. ამ პროექტის ღირებულებაა 3 მილიონ 700 ათასი ლარია და მას სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს. ეს იქნება უახლესი ტექნიკით აღჭურვილი 25-ადგილიანი, თანამედროვე სტანდარტების კლინიკა, რომელიც ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს პაციენტებს. ახალი კლინიკა ჩაანაცვლებს ძველ საავადმყოფოს და მოემსახურება დედოფლისწყაროსა და მის ირგვლივ მდებარე 16 სოფელს.
დღეისათვის კახეთში 9 ახალი ამბულატორია მუშაობს. პაციენტებს ემსახურება 14 საშუალო და 12 მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, 195 სოფლის ექიმი და 223 ექთანი. 19 ათას 275 ოჯახი იღებს სოციალურად დაუცველის საარსებო შემწეობას“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში რეაბილიტირებულ სკოლებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წლის განმავლობაში კიდევ 49 სკოლის და 3 პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია იგეგმება. მისივე თქმით, კახეთის რეგიონში სასაზღვრო პოლიციის 4 ახალი შენობა აშენდა ევროპული სტანდარტების მიხედვით. ღარიბაშვილის განცხადებით, აქამდე მესაზღვრეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება უწევდათ ძალიან ცუდ პირობებში, ფიცრულებში და კარვებში. დღეს კი უახლესი ტექნოლოგიებით და სხვადასხვა სახის თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სასაზღვრო შენობა-ნაგებობები არსებობს.