გლდანის გამგეობა 25-ე კორპუსის აღდგენით სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს
გლდანის გამგებლის განცხადებით, რაიონის გამგეობა მეორე მიკრორაიონში მდებარე 25-ე კორპუსის აღდგენით სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს. ბესარიონ ქარცივაძის ინფორმაციით, აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის ზედა ნაწილი პრაქტიკულად მთლიანად დაზიანებულია. “პირველ რიგში მოხდება კორპუსის დათვალიერება-შესწავლა. ერთი შეხედვით ობიექტი არის პრაქტიკულად მთლიანად დაზიანებული: დაზიანებულია ლიფტის შახტები, მეცხრე სართულზე მოცულობით მონაკვეთზე აღარ არის სინკარული გადახურვა, ის ჩამოიშალა. ასევე, მერვე-მეცხრე სართულის მარჯვენა ფლიგელი პრაქტიკულად მთლიანად დაზიანებულია. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ არა მარტო ამ კორპუსში, არამედ ახლო მდებარე სხვა კორპუსების მობინადრეების ზოგიერთი საცხოვრებელი სახლის შუშებიც კი ჩაიმსხვრა. გამგეობა ახლა მოახდენს მარცხენა მხარის ფლიგელზე სინკარის დემონტაჟს, რადგან არსებობს მისი გადმონგრევის საფრთხე. ამასთან, უახლოეს დღებში მოხდება აღდგენითი სამუშაოების დაწყება. ყველა მობინადრესთან კონტაქტი გვაქვს და არ არის გამორიცხული, უსაფრთხოების მიზნით კორპუსიდან დროებით რამდენიმე ოჯახის გაყვანა მოხდეს”, – განაცხადა ბესარიონ ქარცივაძემ. გლდანის გამგებლის განმარტებით, ყველა ოჯახს ზარალი იმ ხარისხით აუნაზღაურდება, რა ზარალიც აფეთქების შედეგად მიიღო. გლდანში აფეთქება დღეს დილით მოხდა. დაიღუპა ერთი ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.