პრეზიდენტი: პატრიარქი ყოველთვის თანამედროვეა მნიშვნელოვანი თემების თავის ინტერპრეტაციაში
პატრიარქმა ყურადღება ისეთ თემებზე გაამახვილა რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უწმინდესის სააღდგომო ეპისტოლეს.
„პატრიარქმა ყურადღება ისეთ თემებზე გაამახვილა, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. უხეშობა, სიტყვით მეორე ადამიანის შეურაცხყოფა, საიდანაც იწყება ალბათ ყველა სხვა აგრესია. ძალიან საინტერესო იყო, რომ სიტყვის მნიშვნელობაც აღინიშნა. მთავარი არის, რომ თუ სიტყვას მოვუარეთ, სიტყვა თუ დავთრგუნეთ, შემდეგ ქმედებებშიც ნაკლებად ბოროტები ვიქნებით. ალბათ ყველაზე მეტად აქ პოლიტიკოსები ვაშავებთ და მეც შევეცდები, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო თავშეკავებული ვიყო ჩემს გამოთქმებში და ნაკლები აგრესია მქონდეს. პატრიარქი ყოველთვის თანამედროვეა მნიშვნელოვანი თემების თავის ინტერპრეტაციაში. ასე რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ეპისტოლე იყო“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან და ქალიშვილთან ერთად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მივიდა.
პრეზიდენტი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ეპისტოლე მოისმინა და მრევლს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.