„თავისუფალი დემოკრატები“ საკრებულოში არავითარ კრიტიკულ აზრს, არც სასარგებლოს და არც უსარგებლოს არ გამოთქვამდნენ“

დედაქალაქის საკრებულოში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ დაშლის საკითხს, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ სევდია უგრეხელიძე გამოეხმაურა.
სევდია უგრეხელიძემ კოლეგები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი „თავისუფალი დემოკრატების“ კოალიციიდან გასვლის შემდეგაც ოპოზიციურ ნიშაში ვერ ჩაჯდნენ და „ქართული ოცნების“ ყველა ინიციატივას მხარს უჭერდნენ.
„ამ ფრაქციის დაშლა საკრებულოს მუშაობაზე არანაირად არ აისახება, ვინაიდან ჩვენ მას შემდეგ, რაც ისინი კოალიციიდან გავიდნენ, ვხედავთ, რომ ჩვენთან, საკრებულოში „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქცია ოპოზიციური არ იყო. არავითარ კრიტიკულ აზრს, არც სასარგებლოს და არც უსარგებლოს ისინი არ გამოთქვამდნენ, ჩვეულებრივად აძლევდნენ ხმას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ თავის დროზე მმართველი კოალიცია ანგარებისა და პირადი გამორჩენის საფუძველზე შეიქმნა. ადამიანები ხშირად ამა თუ იმ გაერთიანებაში სწორედ პირადი გამორჩენის მიზნით არიან და მერე ბუნებრივად გარბიან იქით, სადაც უფრო თბილი ადგილია. ისინი გამოყოფის დღიდან მოყოლებული, ოპოზიციურ ნიშაში არც არასდროს ყოფილან“,- განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები