დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფილიპ ჰამონდმა ხელი მოაწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების სარატიფიკაციო დოკუმენტს, რითიც ბრიტანეთმა დაასრულა დოკუმენტის რატიფიკაცია. ბრიტანეთის პარლამენტში, ლორდთა პალატამ 2015 წლის 9 მარტს ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას, რის შემდეგაც 2015 წლის 19 მარტს დოკუმენტი განიხილეს ე.წ. საიდუმლო საბჭოში და იგი ხელმოსაწერად გადაეგზავნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.
“ბრიტანეთი შეუერთდა იმ ქვეყნების ჯგუფს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ასოცირებას ევროკავშირთან. მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთმა დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა რიგის სამიტამდე, რითიც კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. ბრიტანეთში ასევე არის პოზიტიური განწყობა, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბრიტანეთს ეს არ შეეხება და მას აქვს საკუთარი სავიზო რეჟიმი. მაგრამ კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ აშკარაა და ეს მნიშვნელოვანია”,-განაცხადა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა რევაზ გაჩეჩილაძემ.