საქართველომ ნატოში 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, დღეს გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ელჩების მოადგილეების დონეზე, რომელზეც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ქავთარაძე, რომელმაც მოკავშირეებს თავდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და საქართველო-ნატოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის ელემენტების იმპლემენტაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ალიანსის 28 სახელმწიფოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული რეფორმათა გეგმა.
აღინიშნა, რომ დოკუმენტი ყოვლისმომცველი და რეალისტურია. ასევე, ხაზი გაესვა რეფორმების წარმატებით შესრულების მნიშვნელობას და რეფორმების განხორციელების საქმეში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ 2015 წლის ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრების წინასწარ დღის წესრიგს. ალიანსის წევრებმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს ნატო-ს მიერ წარმოებულ ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და ურყევი მზაობისთვის, გააგრძელოს მონაწილეობა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი მათი ურყევი მხარდაჭერა. მათ შეშფოთება გამოხატეს რუსეთის მიერ საქართველოსთან მიმართებით განხორციელებული აგრესიული ქმედებების გამო და დაგმეს სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. “შეთანხმებების” გაფორმების ფაქტი, რაც შეფასდა, როგორც რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა. ვიზიტის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები