პირობით ვადამდე 106 მსჯავრდებული გათავისუფლდა

  4-5 მარტს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოებისა და კომისიის სხდომები გაიმართა. კომისიისა და საბჭოების გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებები 106 მსჯავრდებულმა დატოვა, მათ შორის 2 არასრულწლოვანია და 13 ქალბატონი. სასჯელი საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით შეეცვალა 4 მსჯავრდებულს, რომელთაგაც 2 ქალბატონია. როგორც „კვირას“ სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, სხდომებზე 800-მდე მეტი მსჯავრდებულის შუამდგომლობა განიხილეს, კერძოდ მათი, ვისაც მოხდილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშულზე – სასჯელის ნახევარი, მძიმეზე – 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე – 3/4. სამინისტროს ინფორმაციით, შუამდგომლობების ინდივიდუალურად განხილვისას გაითვალისწინეს დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლეობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.
2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით სულ 2737 მსჯავრდებული გათავისუფლდა, მათ შორის 312 ქალი და 44 არასრულწლოვანი. მაშინ როდესაც, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე აღნიშნული მექანიზმით სულ 841 მსჯავრდებული გათავისუფლდა. მათ შორის 12 არასრულწლოვანი და 39 ქალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები