ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ იშმეთ ილმაზთან გამართულ შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
მხარეებმა სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ამგვარი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას.
ხაზი გაესვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის განათლების სფეროში ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი. „რამდენადაც ვიცი, თქვენ გქონდათ ნაყოფიერი შეხვედრა თქვენს ქართველ კოლეგასთან და შეთანხმდით ბევრ საკითხზე. ჩვენი, სამი სახელმწიფოს ერთობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და მიხარია, რომ ჩვენ რეალურად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა თურქეთის და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები