გაეროს წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი მოინახულეს

გაეროს წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულეს. აღნიშნული სოფელი მავთულხლართების გავლების შედეგად ორადაა გაყოფილი. გაეროს ელჩებმა ადგილზე შეაფასეს სოფელში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და სოციალური მდგომარეობა, მოინახულეს და გაესაუბრნენ დავით ვანიშვილის მეუღლეს, რომლის კარ-მიდამოც ე.წ. საზღვრის დემარკაციის შედეგად ოკუპაციის ხაზს მიღმა დარჩა.
„მსგავსი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან უცხოელი დიპლომატების მხრიდან შემდგომში ხდება ინფორმირება არა მხოლოდ იმ სახელმწიფოებისა, რომლის ელჩებიც არიან, არამედ იმ რეგიონული ჯგუფებისაც, რომელსაც ასევე წარმოადგენენ. აქ შვიდი ელჩია წარმოდგენილი, მაგრამ ინფორმაცია გაცილებით მეტ სახელმწიფოს მიუვა. ჩვენ მუდმივად ვაწვდით გაეროს ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებმა თავად ნახონ ადგილზე არსებული მდგომარეობა“,-განაცხადა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ.
„ჩვენ სულ ახლახან დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომეცა საშუალება, პირადად მომენახულებინა საოკუპაციო ხაზი და გავსაუბრებოდი იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც ოკუპაციის შედეგად დაზარალდნენ“, – აღნიშნა ტონგას მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში მაჰე ტოპოუნიუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები