“ხელისუფლების მცდელობაში, რომ რუსეთთან ვითარება განიმუხტოს, საერთაშორისო თანამეგობრობა მეტად უნდა იყოს ჩართული”

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე საუბრისას, უაღრესად მნიშვნელოვანია არაწევრი ქვეყნების – განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინის საკითხი და მათ ინტერესებზე აქტიური მსჯელობა.
ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტში, წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მცდელობაში, რომ რუსეთთან არსებული ვითარება განიმუხტოს, საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული.
პრეზიდენტი თვლის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ცალკეულ კრიზისებზე მსჯელობა საკმარისი არაა.
“საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია 2008-ში, ომი უკრაინაში, რომელიც 2014 წელს დაიწყო, დნესტრისპირეთის პრობლემები – ყოველივე ეს არის მოსკოვის მიერ დამოუკიდებელი არჩევანისთვის ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ერის დასჯა. დღეს ჩვენი ამოცანაა რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების სფეროების კონფრონტაციული პარადიგმიდან გამოსვლა და რუსეთთან თანასწორობის პრინციპებზე აგებული პოლიტიკის გაღრმავება და დადგენა. ჩვენი პარტნიორები უნდა ხვდებოდნენ, რამდენად აქტიური ვართ ამ მიმართულებით, რომ ცდას არ ვაკლებთ რუსეთთან ურთიერთობის განმუხტვას და ამ ძალისხმევაში, ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორების მეტი მხარდაჭერა გვჭირდება, ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ცალკეულ კრიზისებზე მსჯელობაზე საუბარი საკმარისი არაა, საჭიროა დამოუკიდებელი სახელმწიფოების თავისუფალი არჩევანისა და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაუვნებელყოფა, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე საუბრისას უაღრესად მნიშვნელოვანი არაწევრი ქვეყნების – განსაკუთრებით საქართველოს, უკრაინისა და მათ ინტერესებზე აქტიური მსჯელობა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ამასთან პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ გლობალური მასშტაბით გაშლილი პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური კამპანიის ერთ-ერთი ობიექტი საქართველოცაა.
მისი თქმით, ამ კამპანიის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ე.წ. რბილი ძალით საქართველო ჩამოაშორონ თავის ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები