ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში რამდენიმე ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში რამდენიმე ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის ძირითადი თემები საქართველოს გამოცდილება დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით და წამყვანი პოზიციები მსოფლიოს ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიების შეფასებებში იყო. პრესსამსახურის ცნობითვე, პრემიერმა ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია ელექტრონული ვიზების სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც 2015 წლის თებერვლიდან ამოქმედდა და აღნიშნა, რომ მოკლევადიანი ტურისტული ან საქმიანი ვიზის მიღება, საკონსულოში მისვლის გარეშე, სპეციალური პორტალის მეშვეობით არის შესაძლებელი.
საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას. საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა იმ ქვეყნებთან, რომელთა წარომადგენლებიც დღევანდელ შეხვედრას დაესწრნენ.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გლობალური პარტნიორობის განვითარება აფრიკის, ლათინური ამერიკის, კარიბისა და წყნარი ოკეანის რეგიონებთან, საქართველოსთვის პრიორიტეტულია. აღნიშნულ კონტექსტში პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოს საელჩოები გაიხსნა მექსიკაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, ეთიოპიაში, სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გაეროში კაბო ვერდეს რესპუბლიკის, გრენადის, გვინეის რესპუბლიკის, იამაიკის, ტიმორ-ლესტეს, ტონგას სამეფოს და უგანდის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები