“ბესიკ ხარძიანის ბიზნესწილების იძულებით გადაფორმება სწორედ გია უდესიანის ოფისში მოხდა“

მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატი ლამარა კობალაძე, რომელიც ბიზნესმენის ინტერესებს მისთვის ჩამორთმეული ქონების საქმეში წარმოადგენს, იმ გარიგებებს იხსენებს, რომლის გამოც გარდაცვლილი ბიზნესმენი თვლიდა, რომ მისთვის ქონების წართმევის საქმეში მისივე პარტნიორი გია უდესიანი ფიგურირებდა.
როგორც ადვოკატმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ბესიკ ხარძიანი მის ავტომანქანაში სპეციალურად ჩადებული ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენის საფუძველზე დააკავეს და შეთითხნილი ბრალდებით ციხეში ჩასვეს. ლამარა კობალაძის განცხადებით, სწორედ ბიზნესმენის ციხეში ყოფნის დროს მოხდა ხარძიანის ბიზნესწილების – „კუს ტბა კალა“ და „კუს ტბა პალასის“ გაურკვეველი კომპანიის მიმართ დათმობა. ბესიკ ხარძიანი თვლიდა, რომ აღნიშნული კომპანიების უკან შესაძლოა, გია უდესიანი მდგარიყო.
„პატიმრობაში ყოფნის დროს ბესიკ ხარძიანმა მისი ქონების მართვის შესახებ მინდობილობა მის ნათესავზე ილო ხარძიანზე გააფორმა, რომელსაც ხარძიანის წილები დაათმობინეს. ბესიკ ხარძიანზე ციხეში მუდმივად ხორციელდებოდა როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ზეწოლა, რომ მას წილები დაეთმო. ის თვლიდა, რომ ამის უკან შესაძლოა, გია უდესიანი მდგარიყო, რადგან ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ილო ხარძიანმა ბესიკ ხარძიანის ბიზნესწილები გაურკვეველ კომპანიას „უოლმილ სერვისს“ გადაუფორმა, სწორედ გია უდესიანის ოფისში გაფორმდა. მანამდე ოფისში ბესიკ ხარძიანის ძმაც იმყოფებოდა, სადაც ჯერ უდესიანმა მიანიშნა კუს ტბის წილებზე, შემდეგ იმავე ოფისში უცხო ადამიანმა ოჯახის წილის დათმობის მოთხოვნით მასზე ფიზიკური ზეწოლა განახორციელა. ამას ადასტურებს მოწმე, მათი ნათესავი ლევან ხარძიანი, რომელიც ბესიკ ხარძიანის ძმას უდესიანის ოფისთან მანქანაში ელოდებოდა. ლევან ხარძიანის თქმით, ის მანქანაში ნაცემი დაბრუნდა“,- განაცხადა ლამარა კობალაძემ.
ადვოკატის განცხადებით, კომპანია, რომელზეც წილები გადაფორმდა, ოფიციალურად პანამის რესპუბლიკაშია დარეგისტრირებული. ამიტომ რთული დასადგენია. დგას თუ არა მის უკან გია უდესიანი.
ხელშეკრულების გაფორმების დროს კი აღნიშნულ კომპანიას ვინმე მერაბ მეტრეველი წარმოადგენდა. ლამარა კობალაძის თქმით, უდესიანი აცხადებს, რომ მას არანაირი ინტერესი და ხარძიანის წილის დაუფლების სურვილი არ გააჩნდა და ამის მტკიცებულებად ხარძიანის წილების დათმობამდე ჩაწერილი მასალა მოჰყავს. აუდიო-ვიდეო ჩანაწერის მიხედვით, რომელშიც უდესიანის და ხარძიანის დის- მაია ხარძიანის დიალოგია აღბეჭდილი, გია უდესიანი საუბრობს, რომ მას ხარძიანის წილები არ აინტერესებს. თუმცა, როგორც ადვოკატმა განმარტა, სასმართლომ აღნიშნული 5- წუთიანი ჩანაწერი მტკიცებულებად არ ცნო, რადგან მას აშკარა მონტაჟის კვალი ეტყობა.
„ჩანაწერი, რომელიც უდესიანის მხარემ წარმოადგინა, 5 -წუთიანია, მაშინ, როდესაც უდესიანსა და მაია ხარძიანს შორის შეხვედრა დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა. ეს არ არის ერთიანი კონტექსტი, ფრაზები მიწებებულია ერთმანეთზე, დადგინდა, რომ ერთ ფრაზას და მეორე ფრაზას შორის დიალოგის დროს ერთი და ორი საათია წყვეტა, შემდეგ ეს ფრაზები ამოღებულია კონტექსტიდან და მიწებებულია ერთმანეთზე. მოვითხოვთ ამ ჩანაწერის სრული ჩანაწერი წარმოადგინოს უდესიანმა“,- განაცხადა ლამარა კობალაძემ.
კობალაძის განცხადებით, პატიმრობიდან გამოსულმა ბესიკ ხარძიანმა მისი წილების დათმობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა. აღნიშნული საქმე ხარძიანის ოჯახმა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოიგო და დადგინდა, რომ ამ ხელშეკრულების დადება ბესიკ ხარძიანის ნების წინააღმდეგ განხორციელდა, თუმცა საქმე გასაჩივრდა და ამჟამად სააპელაციო სასამართლოში განიხილება. სააპელაციო სასამართლოში, საქმეზე მორიგი სხდომა 13 მაისს არის ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 3 დღის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები