პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას 28 პირისგან შეარჩევს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხდებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევისას პარტიული გავლენისგან თავისუფლების კრიტერიუმი ძალაში რჩება.
როგორც კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პრეზიდენტის, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების კონსულტაციების შედეგად ოთხი კრიტერიუმი – პრინციპულობა, მენეჯერული თვისებები, პარტიული გავლენისგან თავისუფლება და პროფესიონალიზმი დადგინდა. მისი თქმით, სწორედ ამ კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩევა კანდიდატურების.
კვერენჩხილაძის განმარტებით, წარდგენილი 28 კანდიდატიდან, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, ერთს პრეზიდენტი 23 თებერვლამდე შეარჩევს.
“უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პირველი ეტაპი დასრულებულია. წარმოდგენილია 36 კანდიდატი, აქედან 8 კანდიდატმა უარი განაცხადა, მისი კანდიდატურის განხილვაზე. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე წარმოდგენილია 28 კანდიდატის სია. დღეიდან იწყება პირობითად მეორე ეტაპი, რომელიც გულისხმობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ იმ კრიტერიუმების შესაბამისად, რომელიც დადგენილ იქნა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალების და არასამთავრობო ორგანიზაციების საკმაოდ ფართო ნაწილის მონაწილეობით და კანონის მიერ დადგენილი ცენზის შესაბამისად, მოხდება შერჩევა წარმოდგენილი 28 კანდიდატიდან”, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებული კანდიდატების სია გამოაქვეყნა. ოცდათექვსმეტ წარდგენილ პირთაგან რვამ თავისი კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა.
28-კაციან სიაში კი შედიან: დავით ასათიანი, მამუკა ახვლედიანი, ირაკლი ბურდული, მერაბ გაბინაშვილი, გოჩა გოგიშვილი, ნინო გვენეტაძე, ევა გოცირიძე, ანა დოლიძე, ინგა თოდრია, ავთანდილ კახნიაშვილი, დავით კოღუაშვილი, ალექსი კობაიძე, კობა კობახიძე, თამარ ლალიაშვილი, გია მეფარიშვილი, როინ მიგრიაული, მამუკა მდინარაძე, ნოდარ მილაძე, ლევან მურუსიძე, მურმან ქამადაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, მადონა ღიბრაძე, შალვა შავგულიძე, მარიამ ცისკაძე, მარინე ჭყონია, რომული ჯაფარიძე, თეიმურაზ ჯორბენაძე და გიორგი ჯუღელი.
რეგისტრირებულ კანდიდატებში არ არის “ლეიბორისტული პარტიის” მიერ წარდგენილი ჯონი ხეცურიანი. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ამის მიზეზი არის ის, რომ ხეცურიანის შესახებ მხოლოდ სატელევიზიო განცხადება გაკეთდა და ადმინისტრაციაში მისი კანდიდატურა წერილობით არ შესულა.
ამასთან, წარდგინებაზე უარი შემდეგმა პირებმა განაცხადეს: დარეჯან გოგიბერიძემ, ნუნუ კვანტალიანმა, დავით მამისეიშვილმა, დავით სულაქველიძემ, იური ტაბუცაძემ, ნათია წკეპლაძემ, ლადო ჭანტურიამ და თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები