საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები განიხილეს საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს დელეგაციის წევრები და უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც “კვირას“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველო-უნგრეთს შორის პოლიტიკურ-კულტურულ ურთიერთობებსა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ 2014 წლიდან ქუთაისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი, რამაც საგრძნობლად გაზარდა ტურისტთა რაოდენობა და გაამარტივა მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის.
ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის სფეროში უნგრეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და ნატოში გაწევრიანების საკითხებს. ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის აქტიური მხარდამჭერია.
შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობაც განიხილეს. გამოითქვა შეშფოთება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებსა და მოსკოვს შორის ე.წ “სამოკავშირეო ხელშეკრულებების“ გაფორმების გამო, რაც საქართველოს ამ რეგიონების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები