ვოლსკი „მაუწყებლობის შესახებ კანონის“ თაობაზე გამოთქმულ კრიტიკას პოლიტიკურ კეკლუცობას უწოდებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი „მაუწყებლობის შესახებ კანონში “ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის კრიტიკას ეხმაურება.
მისი თქმით, კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გამოთქმული შენიშვნების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებული და ასახულია.
როგორც დეპუტატი აცხადებს, რეკლამაზე რეგულაციის დაწესებას ევროსტანდარტი ითხოვს. მისივე განცხადებით, პროექტის ამოქმედების ვადების გადაწევასთან დაკავშირებით, „რუსთავი 2-ის“ შენიშვნები არ განიხილება.
„ეს არის ევრორეგულაცია და, პრაქტიკულად, ყველა შენიშვნა გათვალისწინებულია, მათ შორის “რუსთავი 2“ -ის შენიშვნებიც. ერთადერთი საკითხის გარდა. ეს პოლიტიკური კეკლუცობა და სპეკულაცია მხოლოდ იქით არის მიმართული, რომ ის ცოდვები, რაც მედიისა და ადამიანის უფლებების შეზღუდვის თვალსაზრისით ახასიათებდა წინა ხელისუფლებას, გადმოაწერონ ახალ ხელისუფლებას”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტარებმა, გუშინ კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარეს კენჭი, რომლის დროსაც ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 63 მომხრე, 30 წინააღმდეგი.
„მაუწყებლობის შესახებ კანონში“ დაგეგმილი ცვლილებები მიმდინარე წლის 1 აპრილიდან შევა ძალაში.
„მაუწყებლობის შესახებ კანონთან“ დაკავშირებულ საკითხს, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გუშინ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი განმარტებით, მოთხოვნები, რომლებიც კანონმდებლებმა წარმოადგინეს, ევროდირექტივის მოთხოვნებს აცდენილია და ზიანს მხოლოდ ტელეკომპანიას მიაყენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები