„დელტაკომი“ კაბელების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატს ბოჭკოვანი მაგისტრალის დაზიანებაში ადანაშაულებს

კომპანია „დელტაკომის“ დირექტორი ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატ ლევან სამუშიას უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს. პაატა ქიქოძის განცხადებით, გუშინ დაბა ხულოს მიდამოებში ლევან სამუშიამ და რამდენიმე პირმა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი დააზიანეს.
მისი განმარტებით, ადვოკატმა ლევან სამუშიამ ქიქოძეს ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ წერილობით მიმართა, თუმცა, როგორც ქიქოძე აცხადებს, მას წერილზე თანხმობა არ განუცხადებია.
ქიქოძის მტკიცებით, მიუხედავად ამისა, ხულოს ტერიტორიაზე გათხრითი სამუშაოები დაიწყო, რის შედეგადაც კაბელი დაზიანდა. პაატა ქიქოძე სამართალდამცველებს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. “უნდა დაედგინათ, 27 აგვისტოს იდო თუ არა იქ კაბელი, მარტივი კითხვაა – როგორ უნდა გაეგოთ, იდო თუ არა ეს კაბელი 27 აგვისტოს იქ. მომწერა, ეს მინდა დავადგინოო, თავდაცვის სამინისტროს გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი მშენებლობაზე, მერე კონკურსის პირობებით შეისყიდა ეს ღერები?! ეს არის ავადმყოფი თავიდან ჯანმრთელ თავზე გადაბრალება და სიტუაციის მაქსიმალურ უაზრობამდე მიყვანა“,-განაცხადა პაატა ქიქოძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. აღნიშნულ განცხადებას ადვოკატი ლევან სამუშია გამოეხმაურა და კომპანია „დელტაკომის“ დირექტორის ბრალდებები უარყო. “ექსპერტებმა დაათვალიერეს, “დელტაკომმა“ იცის, თუ რასთან აქვს საქმე და რა პროდუქტი აქვთ, მათი მძაფრი რეაქცია ამას მოჰყვა. ვინაიდან ყველა ტყუილი, რასაც “დელტაკომი“ აცხადებს, აშკარაა და ზედაპირზე დევს, მათი მძაფრი რეაქცია სწორედ ამას მოჰყვა, ხოლო რაც შეეხება დაზიანებას, ეს არის ზღაპარი“,-აცხადებს ლევან სამუშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები