ჯეიმს აპატურაი: სად განთავსდება ნატოს საწვრთნელი ცენტრი, საბოლოო გადაწყვეტილება საქართველომ უნდა მიიღოს

 

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, სად განთავსდება ნატოს საწვრთნელი ცენტრი, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველომ უნდა მიიღოს. ამის შესახებ აპატურაიმ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, იგი ეთანხმება ქართველ კოლეგებს, რომ ადგილი უნდა შეირჩეს იმის მიხედვით, რას უნდა ემსახურებოდეს ეს ერთობლივი ცენტრი.

“ეს გადაწყვეტილება არა ნატომ, არამედ საქართველომ უნდა მიიღოს, რადგან ეს არის საქართველოს ტერიტორია. მინისტერიალის დასრულების შემდეგ ძალიან მალე საქართველოში გავაგზავნით ექსპერტების ჯგუფს. მათ ქართულ მხარეს უნდა მისცენ რჩევები და რეკომენდაციები. საქმე ისაა, რომ ერთია აღჭურვილობა და მე ვიცი, რომ ორივე შესაძლო ლოკაციაზე, რომლებზეც მიდის საუბარი, საჭიროა ინფრასტრუქტურა. მეორე საკითხია და ამაში ვეთანხმებით ქართველ კოლეგებს, რომ ადგილი უნდა შევარჩიოთ იმის მიხედვით, რას უნდა ემსახურებოდეს ეს ერთობლივი ცენტრი. ჩვენ საბოლოო მონახაზის გაკეთება ჯერ კიდევ გვჭირდება. ერთ ადგილი უკვე დაათვალიერა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, შემდეგი ნაბიჯია ექსპერტების ვიზიტი საქართველოში და ბოლოს – საქართველოს გადაწყვეტილება”, -განაცხადა აპატურაიმ.

მისვე თქმით, მხარეები საწვრთნელი ცენტრის მიზნის და ფუნქციების განსაზღვრის ბოლო ეტაპზე არიან.

“ისეთი ცენტრი უნდა გავაკეთოთ, ისეთი შესაძლებლობებითა და ინფრასტრუქტურით, რომ ალიანსის წევრებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის იყოს საინტერესო. არ გვინდა მაგალითად იყოს ისეთი, როგორც ყველას აქვს. ჩვენი მიზანია, ისეთი ცენტრი ჩამოვაყალიბოთ და ისეთი შეთავაზება გავაკეთოთ, რომელიც ალიანსის წევრი სახელმწიფოების და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს საქართველოში ჩამოიყვანს როტაციით, მათთვის იქნება საინტერესო და მიმზიდველი წინადადება. ამიტომ, ვფიქრობთ რა არის შესაძლებელი. ყველა ქვეყნის შესაძლებლობა სპეციფიურია. მაგალითად, ის, რაც შეიძლება გააკეთო ჩემს ქვეყანაში, ამის გაკეთება ძნელი იქნება საქართველოში, მაგრამ რისი გაკეთებაც შეიძლება საქართველოში, ის რთული იქნება ჩემს ქვეყანაში. ამიტომ, ზუსტად უნდა განვსაზღვროთ რა შეუძლია საქართველოს შემოგვთავაზოს”, – განაცხადა აპატურაიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები