ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მისამართით საკონტროლო გასროლა გიორგი ცააძემ განახორციელა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს მოკლულ ზურაბ ვაზაგაშვილს და ალექსანდრე ხუბულოვს მისამართით, საკონტროლო გასროლა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ცააძემ განახორციელა, – ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.
„ინტენსიური სროლის შეწყვეტისთანავე, ე.წ. „სპეცოპერაციის“ მონაწილე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ცააძე, წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, ირაკლი ფირცხალვას მიერ ორგანიზებული დანაშაულის დაფარვის, თვითმხილველი მოწმეების განადგურების და წარმატებული ოპერაციის დასრულებაში დარწუნების მიზნით, მიუახლოვდა ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა საკონტროლო გასროლები, სალონის წინა ნაწილში მჯდომი ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მისამართით.
ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ვაზაგაშვილის მანქანის მიმართულებით მოხდა ასზე მეტი გასროლა, ა/მანქანას აღენიშნება 97 ცეცხლსასროლი დაზიანება; ზურაბ ვაზაგაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა 8 ცეცხლსასროლი ჭრილობა; ალექსანდრე ხუბულოვს აღენიშნებოდა 9 ცეცხსასროლი ჭრილობა; მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა ასევე ბონდო ფუთურიძესაც. მიყენებული ჭრილობების შედეგად ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი ადგილზევე გარდაიცვალნენ, ხოლო ბონდო ფუთურიძემ მიიღო სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი თბილისში, კორტებთან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები