ტელეკომპანია „მაესტრო“ განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია “მაესტრო” „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი კანდელაკის ევროსაბჭოში 29 იანვრის გამოსვლას ოფიციალური წერილით ეხმაურება და ამბობს, რომ მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიცრუე იყო:
“ტელეკომპანია “მაესტრო” აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი. მოუწოდებს ყველა პოლიტიკოსს, ნუ გამოიყენებენ მედიაში მიმდინარე პროცესებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის. ტელეკომპანია “მაესტრო” მზად არის, დაინტერესების შემთხვევაში ითანამშრომლოს ევროსაბჭოსთან, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მიაწოდოს მათ ზუსტი ინფორმაცია მედიაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ტელეკომპანია “მაესტრო” იმედოვნებს, რომ ევროსაბჭო დასკვნებს მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით არ გამოიტანს. მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის გამოსვლას “მაესტროს” საინფორმაციო მიმართულების უკვე ყოფილი ხელმძღვანელიც გაემიჯნა”, – ნათქვამია განცხადებაში.