არსებული ინფორმაციით, კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ექვსი ადამიანია დაკავებული
არსებული ინფორმაციით, ზურა ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით, 6 ადამიანია დაკავებული. მთავარ პროკურატურაში ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ. თუმცა, ადვოკატ დარეჯან გილაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებლის ლევან ბეროძისა და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაურის კახა ნაკანის გარდა, დაკავებულია კიდევ სამი ყოფილი სპეცრაზმელი – ჩაკვეტაია, ალელიშვილი და ჯაფარიძე. ამასთან, ადვოკატს ჯერ არ აქვს ინფორმაცია, თუ რა ბრალდებას წარუდგენენ ყოფილ სპეცრაზმელებს.
ირაკლი ფირცხალავა, რომელიც კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დაგეგმვაში მონაწილეობდა, სავარაუდოდ, სწორედ ზურა ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს.
გარდა ამისა, გასულ კვირაში კიდევ ერთ საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა უჩა ნანუშავლიმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ირაკლი ფირცხალავამ ერთ-ერთ მსჯავრდებულს, გათავისუფლების სანაცვლოდ, ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის მკვლელობა დაუკვეთა.
“სახალხო დამცველს ახსნა-განმარტებით მიმართა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, სადაც ის აცხადებს, რომ 2008 წლის ივლისში დააკავეს საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის მაშინდელმა თანამშრომლებმა გიორგი ხიზანიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ, რის შემდგომ ირაკლი ფირცხალავასა და კახა ლეგაშვილთან მიიყვანეს. მსჯავრდებული აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა მას დაემუქრა ნარკოტიკული დანაშაულით პასუხისგებაში მიცემით, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი უნდა მოეკლა. ასევე უნდა მოეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას, ამ უკანასკნელის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ. ირაკლი ფირცხალავა ლ.შ-ს თანამშრომლობის შემთხვევაში გათავისუფლებას და ნარკოტიკულ დანაშაულზე ხელშეუხებლობას დაჰპირდა”, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.