„პლაგიატი არ დამიმტკიცდა“ – თსუ-ს კიდევ ერთი პროფესორი „კვირას“ სტატიას ეხმაურება და კიღურაძეს პასუხობს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ პაპასკირი „კვირას“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა. პორტალი 26 იანვრის სტატიაში თსუ-დან პლაგიატის გამო პროფესორ ნინო კიღურაძის გათავისუფლების თაობაზე წერდა.
კიღურაძე პაპასკირს პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებდა და მას „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ზონდერს და ჩანერგილს უწოდებდა. ამასთან, იგი აცხადებდა, რომ პლაგიატორი პაპასკირია და ამის შესახებ უნივერსიტეტის ეთიკის საბჭოს მიმართა, საკითხი კი განხილვის პროცესში იყო.
თეიმურაზ პაპასკირმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ეთიკის საბჭომ უკვე დადო დასკვნა და მისი პლაგიატორობა არ დამტკიცდა. პაპასკირი არც კიღურაძის პოლიტიკური დევნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას არ ადასტურებს.
„პლაგიატი არ დამიმტკიცდა. კომისიამ დასკვნა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დადო, გუშინ კი აკადემიურმა საბჭომაც მიიღო ცნობად. რაც შეეხება კიღურაძის „პოლიტიკურ დევნას“, ჯერ ერთი, ის არანაირი პოლიტიკური ფიგურა არ იყო და, უფრო მეტიც, პოლიტიკური აქტიურობითაც არასდროს გამოირჩეოდა. მეორე, 2009 წელს ის გავიდა კონკურსში.
„ნაციონალები“ თუ ერჩოდნენ, როგორ გავიდოდა? მისი ქმარი კი, საერთოდ, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გახდა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი. ასე რომ, არანაირი დევნა მათ მიმართ არ ყოფილა. რაც შეეხება პლაგიატს, კიღურაძის შემთხვევა 2005 წლიდან საყოველთაოდ ცნობილი ამბავი იყო უნივერსიტეტში. ამ საკითხის ხელახლა გამწვავება კი 2014 წლის ივლისში საკონკურსო კომისიის მიერ პლაგიატორის (რაც იცოდა კიდეც კომისიამ) პროფესორად არჩევამ გამოიწვია. მე ვარ კათედრის ხელმძღვანელი და ნინო კიღურაძეს რატომღაც პრეტენზია ჰქონდა, რომ ის არის დარგის უპირველესი სპეციალისტი, ის სისტემატურად მიპირისპირდება. საკონკურსო კომისიაშიც კი არ მიმიღია მონაწილეობა. უბრალოდ, ისე გამოვიდა, რომ 2010 წელს მე ვამხილე კიღურაძე პლაგიატში, მაგრამ მაშინ საქმეს მსვლელობა არ მისცემია, რადგანაც ამის მარეგულირებელი დებულება უნივერსიტეტში არ არსებობდა. ამჯერად კი ნინო კიღურაძეს უჩივლა ასოც. პროფ. მერაბ კალანდაძემ, რომელსაც კიღურაძემ 2014 წლის კონკურსში მოუგო“, – აცხადებს თსუ-ს პროფესორი, ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი თეიმურაზ პაპასკირი.