აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს გაზაფხულზე ეწვევა
“თქვენი მთავრობა არის მომავალზე ორიენტირებული, რომელიც, დარწმუნებული ვარ, სწორად წაიყვანს ქვეყანას”, – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის დროს გააკეთა. შეხვედრა საქართველოს სამთავრობო დელეგაციასა და სახელმწიფო მდივანს შორის საქართველო-ამერიკის სტარატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომამდე გაიმართა. შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებით დაინტერესდა და ე.წ. ბორდერიზაციის საკითხზე შეშფოთება გამოთქვა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო ძალიან აფასებს აშშ-ის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ე.წ ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით ამერიკის მკაფიო პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მხარდაჭერა ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯონ კერისთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი არ გადაიხედება, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება კი საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.