სამშენებლო ნარჩენებისთვის სპეციალური ტერიტორია გამოიყო
თბილისის შემოგარენში სამშენებლო ნარჩენებისთვის სპეციალური ტერიტორია გამოიყო. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ნაგავსაყრელი გლდანის ტერიტორიაზე, 12 ჰა ფართობზე განთავსდება.
თბილისის მერმა შპს „თბილსერვის ჯგუფს“ და ზედამხედველობის სამსახურს ნარჩენების განთავსებისთვის მოსაკრებლის შემოღება დაავალა. მისი თქმით, მოსაკრებლისგან მიღებული თანხა სამშენებლო ნარჩენების პოლიგონის მოწესრიგებას მოხმარდება. ამასთან, თბილისის მერი მიესალმება ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქალაქში ნარჩენების გადაყრისთვის ჯარიმების გაზრდის თაობაზე.
“სამშენებლო ნარჩენებთან დაკავშირებით ქალაქში ქაოსია, განსაკუთრებით ცენტრალური უბნების გარეთ. ვაფრთხილებ ყველა კომპანიას, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელსაც გააქვს სამშენებლო ნარჩენი და ყრის ნებისმიერ ადგილზე, მიმართონ შპს „თბილსერვისს“, რათა კომპანიამ მიუთითოს მათ, თუ სად განათავსონ ნარჩენები”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ უფროსის მოადგილის, ლევან ჯღარკავას განცხადებით, სამშენებლო ნარჩენებისათვის ნაგავსაყრელი აქამდე არ არსებობდა. მისივე თქმით, ნაგავსაყრელისთვის განკუთვნილი ტერიტორიის „თბილსერვის ჯგუფისათვის“ გადაცემის შემდეგ, ტერიტორია მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში კეთილმოეწყობა.