მაშველებმა ბახმაროში დაკარგული სამი ახალგაზრდა იპოვეს, მეოთხეს ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება

ბახმაროში დაკარგული სამი ახალგაზრდა ნაპოვნია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ახალგაზრდებთან მაშველები იმყოფებიან.
ქაწაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდებმა მაშველებს ის ადგილი უკვე მიუთითეს, სადაც ზვავი ჩამოწვა და სადაც, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ახალგაზრდაა მოყოლილი.
„ამ დროისთვის მაშველებმა სამი პიროვნება უვნებელი იპოვეს. მათთან უკვე იმყოფებიან მაშველები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახალგაზრდებს თავი ჰქონდათ შეფარებული მიტოვებულ სახლს. მათ მაშველებს აჩვენეს ის ადგილი, სადაც ზვავი ჩამოწვა და სადაც, სავარაუდოდ, არის დაკარგული პიროვნება. ახლა გრძელდება მისი სამაშველო-საძიებო სამუშაოება“, – განუცხადა „კვირას“ ზვიად ქაწაშვილმა.
მისივე განცხადებით, ბახმაროში სამაშველო ოპერაცია დილის 10 საათიდან ვერტმფრენებით მიმდინარეობს.
„დღეს დილის 10 საათიდან ამინდმა მოგვცა საშუალება, რომ სამაშველო-საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენები ყოფილიყო ჩართული. ვერტმფრენით დაგვეხმარა სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტი. ამასთან, ჩვენ გავგზავნეთ ადგილზე განსაკუთრებული საგანგებო სიტუაციათა რეაგირების სამმართველოს სპეციალური დანიშნულების დანაყოფი, სამაშველო ოპერაციაში ასევე მონაწილეობენ აჭარისა და გურიის განყოფილების მაშველები “, – აღნიშნა ქაწაშვილმა.
მისი თქმით, ბახმაროში ოთხმა ახალგაზრდამ ახალი წლის შესახვედრად ლაშქრობა მოაწყო, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა. ზვიად ქაწაშვილის ინფორმაციით, ლაშქრობაში 23 წლამდე ასაკის ახალგაზრდები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები