მამა ილია კარტოზია ხატების გადარჩენისას დაიხრჩო
ქართველი სასულიერო პირის, მამა ილია კარტოზიას დაღუპვის დეტალებზე იტალიური გამოცემა “ლა რეპუბლიკა” წერს.
იტალიის სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხზე სიუჟეტი გავიდა, სადაც ნათქვამია, რომ სასულიერო პირმა კატასტროფის დროს გემბანი არ მიატოვა და ბევრ მგზავრს დაეხმარა. გამოცემის ინფორმაციით, მამა ილია კარტოზიამ სამაშველო ნავში თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად ისევ გემბანზე დარჩა.
მათივე ცნობით, სასულიერო პირის გადარჩენისას ბაგირი ჩაწყდა და მისი შველა ვეღარ შეძლეს.
მამა ილია კარტოზიას ცხედარი ზღვამ ქალაქ ლეჩესთან გამორიყა. ზურგჩანთაში, რომელსაც სულ თან ატარებდა, ხატები აღმოჩნდა.
იტალიური მხარე დეტალებს აზუსტებს და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, თუ როდის გადმოასვენებენ საქართველოში სასულიერო პირს.
შეგახსენებთ, რომ მამა ილია კარტოზია მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.