მარანთან მიკროავტობუსისა და მატარებლის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა
გუშინ, ღამით აბაშის რაიონის სოფელ მარანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მატარებელი შეეჯახა.
როგორც „კვირას“ აბაშის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა განუცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე მგზავრი დაშავდა, ისინი ქუთაისისა და სამტრედიის საავამდყოფოებში გადაიყვანეს.
მისივე თქმით, მატარებელი დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. რაც შეეხება მიკროავტობუსს, ის აბაშის რაიონის სოფელ მარანიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა.
„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებული მგზავრები სამტრედიისა და ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიკროავტობუსში 4 წლის და 7 წლის ბავშვებიც იმყოფებოდნენ, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა „კვირასთან“ აბაშის გამგებელმა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლით.
ფოტო: www.smo.ge