ყველა სახეობის სიგარეტზე ფასმა 20 თეთრით მოიმატა
ყველა სახეობის სიგარეტი გაძვირდა. სიგარეტის გაძვირების მიზეზი აქციზის ფასის მატებაა. ჯერჯერობით საცალო ბაზარზე თამბაქო ისევ ძველ ფასად იყიდება.
ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დანერგვის და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, 2015 წლის 1 ივლისიდან შემოღებული იქნება თამბაქოს ნაწარმის აქციზის გადასახადით დაბეგვრის ე წ. შერეული სისტემა, რაც მოიცავს როგორც ფიქსირებულ, ისე ე.წ. ადვალურ კომპონენტს. ამასთან, აქციზის გადახდა განხორციელდება არა აქციზური მარკის გატანისას, არამედ საქონლის რელიზაციის/იმპორტის დროს.
„მუშავდება არაერთი სხვა საკანონმდებლო ინიციატივა. მათ შორის, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, განხორციელდება საბაჟო კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია. გამარტივდება საბაჟო წესები და პროცედურები. განხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება არაპირდაპირი გადასახადების (დღგ, აქციზი) ნაწილში. გამარტივდება გადასახადის ადმინისტრირება და განხორციელდება საგადასახადო სანქციების ოპტიმიზაცია”, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.