ინფლაციასთან გასამკლავებლად რუსეთში საპენსიო სავალდებულო სტაჟს 15 წლამდე გაზრდიან

1 იანვრიდან რუსეთში პენსიის დარიცხვის ახალი სისტემა ამოქმედდება. დაზღვევითი პენსია ახალი სქემის თანახმად დაირიცხება, ხოლო დაგროვებითი პენსია, რომელიც ადრე რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების გადაწყვეტილებით „გაიყინა“, შევსებას აღარ დაექვემდებარება. სადაზღვევო პენსიის სისტემაში შემოდის ახალი დეფინიცია, ეს გახლავთ „ინდივიდუალური საპენსიო კოეფიციენტი“
(საპენსიო ქულა), რომლის მიხედვითაც მოხდება რუსეთის მოქალაქის ყოველწლიური შრომითი საქმიანობის შეფასება და პენსიის შესაბამისად დაწესება. იმისთვის, რომ სიბერეში რუსეთის მოქალაქემ პენსია მიიღოს, მას მინიმუმ 30 საპენსიო ქულა უნდა ჰქონდეს დაგროვებული. რეფორმა ეხება საპენსიო სტაჟს, რომლის თანახმადაც პენსიის მისაღებად საკმარისი აღარ იქნება ამჟამინდელი 5 წლიანი შრომითი სტაჟი და სავალდებულო მინიმუმი 15 წლიანი შრომითი გამოცდილება გახდება. საპენსიო სისტემის განხორციელება ეტაპობრივად, ახალი წლიდან დაიწყება და 2025 წლისთვის უნდა დასრულდეს.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ახალი საპენსიო სისტემა მოსახლეობას არ დააზარალებს. თუმცა, ფაქტია, რომ ახალი სისტემა მნიშვნელოვნად შეამცირებს პენსიონერთა რაოდენობას და ასევე პენსიონერთა ანაზღაურებაზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, რადგან გარდა საპენსიო სავალდებულო სტაჟის გაზრდისა, რეფორმა პენსიონერებისთვის მინიმალურ 30 საპენსიო ქულას ითვალისწინებს. ცნობისათვის, ამჟამინდელ სავალდებულო ნორმად 6,6 საპენსიო ქულაა გამოცხადებული. შრომითი სტაჟის გარდა, ახალი საპენსიო ფორმულაზე სხვა სოციალური აქტივობებიც იმოქმედებს. ესენია: არმიაში სამსახური, ბავშვის დაბადების დაკავშირებით დეკრეტული შვებულების აღება და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები