პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ბათუმში, ღამის კლუბ “ლეგასში” 22 წლის პოლიციის თანამშრომელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ რამაზ დევაძეს და მასთნ ერთად მყოფ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ ბესიკ მამულაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.
ბრალდებულების ადვოკატები დევაძისთვის 2 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას, ხოლო მამულაძისთვის 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, პაატა შავაძის მტკიცებით, ღამის კლუბში მყოფ დევაძეს იარაღი არ ჰქონია.
“გავრცელებული ხმები, თითქოს საკონტროლო გასროლით მოხდა რამაზ დევაძის მხრიდან პოლიციელის მკვლელობა, სინამდვილეს არ შეესაბამება და არც წარმოდგენილი მტკიცებულებებით მსგავსი სისასტიკე არ დგინდება. პატივი უნდა ვცეთ უდანაშაულობის პრეზუმპციას და დაველოდოთ სამართლიან ვერდიქტს”, – აღნიშნა პაატა შავაძემ.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა რამაზ შავაძემ განაცხადა, ხულიგნობაში ბრალდებულმა მამულაძემ ბარში მყოფ ქალებს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება მოსთხოვა. პროკურორი აცხადებს, რომ პოლიციის თანამშრომელი თარაშ მუკბანიანი მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს გამოესარჩლა, რის გამოც დაიწყო ხელჩართული ჩხუბი და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სროლით ის მოკლეს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მომდევნო სასამართლო პროცესი 2015 წლის 16 თებერვალს, 12:00 საათზე დაინიშნა.
შსს-ს ინფორმაციით, 27 დეკემბერს, ღამის საათებში, ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროს ინსპექტორს, 1992 წელს დაბადებულ თარაშ მ-ს, რომელიც შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. მათივე ცნობით, თარაშ მ. მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რამაზ დ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს. სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი და მასრები ნივთმტკიცების სახით შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).