ნინო ჟიჟილაშვილი: კოტე გოგელიამ ნამდვილად მითხრა, რომ „მაესტრო“ იდეოლოგიზებული უნდა გამხდარიყო

ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორის მოდგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილი არხიდან მისი წამოსვლის კონკრეტულ მიზეზებზე საუბრობს. როგორც ჟიჟილაშვილი აცხადებს, მას არხის ფაქტობრივი მფლობელი კოტე გოგელია დაუკავშირდა და უთხრა, რომ ის არხის გეგმების მიმართ კონკრეტული ნეგატიური განწყობების შექმნაზე მუშაობს, რის გამოც სამსახურიდან გათავისუფლებულია.
„მე მითხრეს, რომ საინფორმაციოს შეეცვლება მიდგომები. ის გახდება ტელევიზიის ნაწილი ცენტრალიზებულად და გახდება იდეოლოგიზებული. არხს ეყოლება რედაქტორი, დილით დაიგეგმება თემები, რასაც საინფორმაციო გააკეთებს, რაც ნიშნავს იმას, რომ საინფორმაციო-სარედაქციო დამოუკიდებლობა მეტ-ნაკლებად უფრო მეტ ადამიანზე ხდებოდა დამოკიდებული ჩემს გარეშე. მან ნამდვილად მითხრა, რომ ეს არხი უნდა გამხდარიყო იდეოლოგიზირებული. ეს ადრე მითხრა. უკვე გუშინ, მითხრა, რომ მე გადავკვეთე ყველა წითელი ხაზი, ვმუშაობ, რომ საინფორმაციო სამსახურში შეიქმნას კონკრეტული ნეგატიური განწყობები იმ გეგმების მიმართ, რაც ამ არხს აქვს. ძალიან კორექტულ ფორმებში გიყვებით იმას, რაც ძალიან არაკორექტულ ფორმებში მოხდა, ჩემდა სამწუხაროდ. მითხრა, რომ მე აღარ ვმუშაობ არხზე“, – ამბობს ჟიჟილაშვილი „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
ამასთან, იგი აცხადებს, რომ კოკა ყანდიაშვილი ჩართული იყო არხის ფინანსურ, მარკეტინგულ საკითხებში და ახალი სამაუწყებლო ბადეც მან შექმნა.
„ცხრიანი“ უბრალოდ გაუქმდა და მის ნაცვლად ბადეში იჯდა კანცელარიის თანამშრომელის კოკა ყანდიაშვილის გადაცემა „ლაპარაკობს თბილისი“. ეს თემა მხოლოდ მე არ გამიგია. ეს თემა დაახლოებით 50 ადამიანის თანდასწრებით გუშინ არხის გენერალურმა დირექტორმა უთხრა ყველას და დაადასტურა, რომ ახლი ბადე ძალაშია, სადაც ახალი ამბები, ვერ ვიტყვი, რომ მინიმალიზებულია, მაგრამ ბადეში გადანაწილებულია ისე, რომ ახალი ბადის მიხედვით, ძალიან უნდა ეცადო, რომ „მაესტროზე“ ახალი ამბები იპოვო“, – აცხადებს ჟიჟილაშვილი.
მისივე თქმით, საინფორმაციო ბადის ცვლილება მასთან, როგორც არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსთან, არ შეუთანხმებიათ და ის ფაქტის წინაშე დააყენეს.
„მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი არხის გენერალური დირექტორის მოადგლე და სწორედ საინფორმაციო მიმართულებით პირადად ჩემი პასუხისმგებლობა იყო არხის საინფორმაციო განვითარება, მის სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელიც მე ვიყავი, ეს თემები ჩემთან გავლილი არ ყოფილა. დამაყენეს ფაქტის წინაშე და მითხრეს, რომ არ ვიქნებოდი საინფორმაციოს უფროსი. ერთი კვირის წინ და შემომთავაზეს ცალკე ტოქშოუ გამეკეთებინა. მე ზრდილობიანი მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ შევწყვეტდი არხთან თანამშრომლობას. იდეოლოგიას, რომელსაც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ სასურველია გავატაროთ, ან აწი უნდა გაატაროს არხმა, სახელად ჰქვია პროქართული, რაც ჩემში იწვევდა ბევრ კითხვას. ვინაიდან ჩვენ ისედაც ვემსახურებოდით ყოველთვის საზოგადოებას, ამ ქვეყნის მოქალაქეებს და, შესაბამისად, რაღაცა მიზანი სწორედ მსგავსი ტიპის, რასაც ნიშნავს პროქართული იდეოლოგია, შეიძლება ჩვენს არხს ისედაც ჰქონდა“,- ამბობს ნინო ჟიჟილაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები