თავდაცვის სამინისტრომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება საიტიდან წაშალა
თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გუშინ, 20 დეკემბერს გავრცელებული განცხადება ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაშალა. თავდაცვის სამინისტროს განცხადება არც უწყების ფეისბუქ გვერდზე დევს.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო გუშინ ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამასთან, უწყებამ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.
“გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში”, – ნათქვამი იყო თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.