საქველმოქმედო ორგანიზაციები სმენადაქვეითებული ბავშვების დასახმარებლად ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ

საქველმოქმედო ფონდი „აირესი“ , საერთაშორისო ქალთა კლუბი „ინერვილი“, საქველმოქმედო ფონდი „ჩემი სახლი“ და „ქართველთა თანადგომის საზოგადოება“ დღეს, 17:00 საათზე, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ.
როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადეს, მემორანდუმის ფარგლებში ორგანიზაციები სოციალურად დაუცველი და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის სხვადასხვა პროექტს განახორციელებენ. მათ შორის ერთ-ერთი პირველი კი მულტიპლიკაციური ფილმის შექმნა იქნება.
როგორც საქველმოქმედო ფონდის „ჩემი სახლის“ დამფუძნებელმა და საერთაშორისო ქალთა კლუბის პრეზიდენტმა ნინელი ჭანკვეტაძემ განმარტა, შეზღუდული უნარის მქონე ბავშვები დახატავენ მულტფილმის პერსონაჟებს და თავადვე გაახმოვანებენ მას.
„ 5 საათზე გაფორმდება მემორანდუმი რომელიც ჩვენს ერთობლივ საქმიანობას ითვალისწინებს. ჩვენ ერთობლივად ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას ვაპირებთ. დღესვე ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია მოხდება. შეიქმნება მულტფილმი, შეზღუდული უნარის მქონე ბავშვები დახატავენ ამ მულტფილმის პერსონაჟებს. მთავარი გმირი იქნება სმენადაქვეითებული ცხოველი. ამ მულტფილმს არ ექნება ერთჯერადი ხასიათი. მულტფილმს დახატავენ და გაახმოვანებენ შეზღუდული უნარის მქონე ბავშვები. დღესვე გვექნება ასევე ძალიან ნიჭიერი ადამიანის ლაშა კუხიანიძის ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა, შემოსული თანხის ნახევარი ფონდში შევა, ნახევარი კი ავტორს გადაეცემა“,- განაცხადა ნინელი ჭანკვეტაძემ.
სმენედაქვეითებული ბავშვების დახმარების საქმეში აქტიურადაა ჩართული შვეიცარიაში მცხოვრები „ქართველთა თანადგომის საზოგადოების“ თავმჯდომარე და საერთაშორისო ქალთ კლუბ „ინერვილის“ წარმომადგენელი ქეთი კრებსერი -წიქორიძეც. წიქორიძემ სმედადაქვეითებული ბავშვების სოციუმში ინტეგრირებაზე გააკეთა აქცენტი და ბავშვების საჭიროებებზე ისაუბრა.
„ 21 წელია ვცხოვრობ შვეიცარიაში და ვცდილობთ, თანხები მოვიზიდოთ შვეიცარიიდან. „ქართველთა თანადგომის საზოგადოების“ წევრებს ძირითადი აქცენტი გადატანილი გვაქვს სმენადაქვეითებულ ბავშვებზე. ჩვენ შემოგვქონდა ამ ბავშვებისთვის სასმენი აპარატები, საკვები, ტანსაცმელი, მაგრამ ამ ბავშვებს ყველაზე მეტად ტრენინგი და თერაპია სჭირდებათ. ვცდილობთ, პედაგოგები ახალი მეთოდიკით აღვჭურვოთ, რომ ასეთ ბავშვებთან მუშაობაში უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ. ამას მარტო ჩვენი ორგანიზაციები ვერ შეძლებენ თუ სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება დაინტერესება და ჩართულობა. ბოლო დროს ამ კუთხით კარგი ძვრები შეინიშნება და ინტერესიც გაჩნდა“, – აღნიშნა „კვირას“ პრესკლუბში ქეთი კრებსერი – წიქორიძემ.
სმენადაქვეითებული ბავშვების დასახმარებად პედაგოგთა გადამზადების აუცილებლობაზე ისაუბრა საქველმოქმედო ფონდ „აირესის“ და საერთაშორისო ქალთა კლუბ „ინერვილის “ წარმომადგენელმა ეკატერინე თორთლაძემ. მისი თქმით, უნდა იყოს ნება იმისა, რომ მსგავსი პრობლემის მქონე ბავშვებს განათლების საშუალება მიეცეთ.
„ პირველი პრობლემა ის არის, რომ საერთოდ არ არსებობს ადგილი, სადაც შეიძლება სპეციალისტი მომზადდეს. ტრენინგის ერთი ეტაპი განხორციელდა პედაგოგებისთვის. ამ ბავშვებს სჭირდებათ ზუსტად ისეთი მიდგომა, რაც ყველა წამყვანმა ქვეყანამ დანერგა. ჩვენ გვჭირდება ნება იმისთვის, რომ მათთვის გარემო შეიცვალოს, სოციუმსა და საზოგადოებას სმენადაქვეითებულმა ბავშვებმა თავიანთ ენაზე აუხსნან, რომ მათი ერთი თანატოლი შეიძლება სმენადაქვეითებული იყოს, მაგრამ ისიც მათნაირია. სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის უმაღლეს განათლებაზე, თუ აქ არ არის მშობლის რაიმე ინიციატივა, სახელმწიფოს ჩართულობა არის ნოლი. ეს არის მთლიანად ასაშენებელი“,- განაცხადა ქეთევან თორთლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები