არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” “არა ხელოვნურად გაზრდილ საბანკო პროცენტებს!” კამპანიას იწყებს
არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” ინიციატივით, სამოქალაქო კამპანია “არა ხელოვნურად გაზრდილ საბანკო პროცენტებს!” იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.
“მიგვაჩნია, რომ, დღევანდელი პირობების გათვალისწინებით, კატასტროფულად გაზრდილია ბანკების დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ, რაც პირდაპირ ზიანს აყენებს საქართველოში ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებასა და განვითარებას. გასული წლების განმავლობაში მასობრივი უმუშევრობის შემდეგ, რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის პირობებში, საქართველოს მოსახლეობა გაუბედურებულია ბინების გაყიდვით და ბევრი მათგანი, პირდაპირი მნიშვნელობით, ქუჩაშია დარჩენილი. მასობრივ პრობლემად იქცა ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფის საკითხი, რამაც, უკვე დადასტურებული სტატისტიკით, ამავე ოჯახების ნგრევა გამოიწვია.
ამასთან, გასაკვირი არ არის ის ფაქტიც, რომ ადამიანები ამ და კიდევ სხვა, მათ შორის, მორალური პირობების გათვალისწინებით, სუიციდს მიმართავენ. მიგვაჩნია, რომ საჭიროა, აღნიშნული პრობლემის კომპლექსურად კვლევასთან ერთად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მთავრობა, კანონში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ვერ აიძულებს საბანკო სექტორის ხელმძღვანელობას, შეამცირონ კატასტროფულად (სრულიად ხელოვნურად) გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა, საკუთარი ოჯახების გადასარჩენად, სრულიად საზოგადოება გაერთიანდეს და ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე პირადად მოითხოვოს პასუხი კომერციული ბანკებისგან, რომლებიც არ გვიტოვებენ ალტერნატივას, ქმნიან ხელოვნურ ბარიერებს.
ამასთან, ვთვლით, რომ საჭიროა, აღნიშნულ პროცესში პასუხისმგებლობა, რომელიც ისედაც ეკისრება, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აიღოს, იშუამდგომლოს მოქალაქეებსა და კომერციულ ბანკებს შორის და საპროცენტო განაკვეთის შემცირება და, საჭირო შემთხვევაში, გადახდის გადავადება მოხდეს. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ეკონომიკის ექსპერტებს, ბიზნესმენებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საკანონმდებლო ორგანოს და მთლიანად მთავრობას, რომ შემოუერდნენ ამ ინიციატივას და ერთად გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა! ოჯახი და ქვეყანა ფინანსურად პარალელურად ვითარდება და სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ საქართველოს მოსახლეობის ასეთი დიდი ნაწილის ამ დონის მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენი ერთად გადასაჭრელი საკითხია, განსაკუთრებით კი ახლა, ზამთრის დასაწყისში, როდესაც ფინანსური მოთხოვნილება ოჯახებში განსაკუთრებულად იმატებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ პოზიციაა, რომ საქართველოში ნებისმიერი ოჯახი ეკონომიკურად იყოს თავისუფალი და ძლიერი”, – ნათქვამია განცხადებაში.