„კაბელების საქმის დეტალები არ უნდა გახმაურებულიყო“
„კაბელების საქმის დეტალები არ უნდა გახმაურებულიყო“,- აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელმა, ექსპერტმა ზაალ კასრელიშვილმა გააკეთა.
კასრელიშვილის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა საქმე შეიცავს იმ ტიპის ინფორმაციას, რომელზეც საჯარო საუბრები არც უნდა ყოფილიყო. ექსპერტი თავდაცვის სამინისტროში სამხედრო დაზვერვის შექმნას სთავაზობს.
„ეს თემები, საერთოდ ლაპარაკი არც უნდა გახმაურებულიყო. როგორ უნდა დაქსელო, სად უნდა გაიყვანო კაბელი და რა ინფორმაცია უნდა გასცე და რა უნდა მიიღო, არ უნდა თქმულიყო. ახლა უკვე „მეფე შიშველია“, ყველამ იცის, სად უნდა გაიაროს ამ მარშრუტმა, რა ფუნქცია უნდა შეასრულოს, რა სიმძლავრის და რა ხარისხის არის.ძალიან იოლია, როცა ეს ინფორმაციები გაქვს, დაჯდე ამ ინფორმაციის წყაროზე. ჩვენ ვურჩევდით თავდაცვის სამინისტროს რომ უწყებაში სამხედრო დაზვერვის სისტემა შეიქმნას, რომელიც უნისონში იქნება ჩვენი უსაფრთხოების სამსახურთან და ინფორმაციებს გაცვლიან“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების საქმეს გრიფი „საიდუმლო“ მოხსნა, თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობების პირების საქმეზე გრიფი “საიდუმლო” არ მოეხსნა მასალების მხოლოდ იმ ნაწილს (შვიდ პროცენტს), რომლებიც ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს. როგორც საქმის პროკურორი “კვირასთან“ განმარტავს, თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ადვოკატებს ძირითადი მტკიცებულებების, მათ შორის მოწმეთა ჩვენებების უწყებიდან გატანის და მათი ამ ფორმით გაცნობის შესაძლებლობა უკვე მიეცათ.