ლატვიის პრეზიდენტი: რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება უკან გადადგმული ნაბიჯია
ლატვიის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის განცხადებით, ის ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთმა და აფხაზეთის რეგიონმა ხელი მოაწერეს, უკან გადადგმული ნაბიჯია, რაც ართულებს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას, – ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ ერთობლივად, ნებისმიერი კონფლიქტი უნდა გადავწყვიტოთ სამშვიდობო გზებით. ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ის ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთმა და აფხაზეთის რეგიონმა ხელი მოაწერეს, უკან გადადგმული ნაბიჯია, რაც ართულებს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას და ეჭვის ქვეშ აყენებს რეგიონში სტაბილურობას. მე ვფიქრობ, რომ მხარეებმა თავი უნდა აარიდონ ნებისმიერ დესტრუქციულ საქმიანობას”, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.
მისივე განმარტებით, ლატვიამ, ისევე როგორც საქართველომ, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ევროპული მიდრეკილებები და მზაობა, ხელი შეუწყონ მშვიდობას ევროპაში.
“მას შემდეგ რაც ჩვენ გავხდით ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნა მეტი შესაძლებლობა მოგვეცა, დაგვემყარებინა ურთიერთობები კანადასთან, აშშ-სთან. ამ ვიზიტის ფარგლებში 70-ზე მეტი ბიზნესმენი მახლავს, რათა ჩამოყალიბდეს ახალი კონტაქტები და ერთობლივად შევიმუშაოთ ბიზნესპროექტები. პირისპირ შეხვედრის დროს საქართველოს პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორ უნდა დაახლოვდნენ შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ეს იქნება სასარგებლო ყველა ჩართული მხარისთვის, ჩვენი მხარდაჭერა იმისა, რომელიც საქართველომ აირჩია – ეს არის ევროპული გზა. ლატვიამ რეფორმების დიდი გზა გაიარა და შეგვიძლია გაგიზიაროთ ეს გამოცდილება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ყველა სტანდარტების დანერგვა და შესრულება. საქართველომ დაამტკიცა, რომ ის არის საიმედო პარტნიორი, ამის დასტურია ავღანეთის მისია. ჩვენ ერთობლივად ნებისმიერი კონფლიქტი უნდა გადავწყვიტოთ, სამშვიდობო გზებით”, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.