მან ზუსტად იცის, როგორ შეიძლება განვაგრძოთ ის კურსი, რომელსაც მთავრობა ახორციელებს – პრემიერი
თამარ ბერუჩაშვილი მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალია, რომელიც იცნობს ქვეყანის წინაშე მდგარ ამოცანებს და იცის, რა უნდა გაკეთდეს საგარეო პოლიტიკის სფეროში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგენისას განაცხადა.
„მან ზუსტად იცის, როგორ შეიძლება ეფექტიანად განვაგრძოთ ის კურსი, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის არჩევანი, ურყევი ნება, და მე დარწმუნებული ვარ, რომ თამარ ბერუჩაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ მიზნის მიღწევაში,“– განმარტა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის დახასიათებით, თამარ ბერუჩაშვილს აქვს მუშაობის დიდი გამოცდილება როგორც საჯარო, ასევე დიპლომატიურ სფეროში.
„მნიშვნელოვანია, რომ მას აქვს სხვადასხვა დროს მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის და მინისტრის მოადგილის თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება; საქართველოს ევროინტეგრაციის თემებზე მუშაობის 22 – წლიანი გამოცდილება. იმ წარმატებაში, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ევროინტეგრაციის მიმართულებით, ქალბატონმა თამარმა თავისი წვლილი შეიტანა. ქალბატონ თამარს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი და აკადემიურ სფეროში საქმიანობის 14- წლიანი გამოცდილება. ის გახლავთ ასოცირებული პროფესორი. ასევე, ევროპაში მიწვეული პროფესორის სტატუსით კითხულობდა სამაგისტრო ლექციებს,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.