პროგრამას “აწარმოე საქართვლოში” ლიზინგი დაემატა

 

  საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ პროგრამას “აწარმოე საქართვლოში” ახალი კომპონენტი – ლიზინგი დაემატა. პროგრამის წარმომადგენლების განმარტებით, ახალი ინიციატივის შესახებ პროექტი მეწარმეობის განვითარების სააგენტომ წარადგინა.
ცვლილების თანახმად, პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტში, კრედიტის მიმართულებას ლიზინგი დაემატა.
“ცვლილება განაპირობა პროგრამის მიმდინარეობისას გამოვლენილმა საჭიროებებმა, კერძოდ, გამოიკვეთა მეწარმე სუბიექტების მხრიდან ძირითადი საშუალებების ლიზინგით მიღების ინტერესი და აღნიშნული კუთხით მათი მხარდაჭერა განხორციელდება მხოლოდ პროგრამის ინდუსტრიული ნაწილის ფარგლებში. პროექტის მიხედვით, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, უზრუნველყოფს ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ ლიზინგზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას. ასევე, სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს პროგრამის ბენეფიციარისთვის ტექნიკური დახმარების გაწევას. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ერთ ბენეფიციარზე გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულების მინიმალური მოცულობა, არანაკლებ 50,000 აშშ დოლარს უნდა შეადგენდეს”, – აცხადებენ პროგრამის “აწარმოე საქართველოში” წარმომადგენლები.
მათივე განმარტებით, ცვლილება აისახება პროგრამის მოქმედების სფეროს გაფართოებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ადგილობრივი წარმოების განვითარებას.
პროგრამა “აწარმოე საქართველოში” 2014 წლის ივნისიდან ხორციელდება და მიმართულია საქართველოში მეწარმეობის განვითარებაზე, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერაზე, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობაზე, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდაზე. “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ამოქმედებიდან, ფინანსური მხარდაჭერის, უძრავი ქონებით უზრუნველყოფისა და სოფლის მეურნეობის კომპონენტში უკვე დამტკიცებულია 36 პროექტი და არსებული საწარმოები საერთო ჯამში დაახლოებით 68 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები