ვალერი გელაშვილი პროკურატურის მუშაობით კმაყოფილია

 

    დეპუტატი ვალერი გელაშვილი მისი ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილსთვის, ვანო მერაბიშვილისთვის, ერეკლე კოდუასთვის და გია სირაძისთვის ბრალის დამძიმების ფაქტს “კვირასთან“ ეხმაურება და აცხადებს, რომ პროკურატურის მუშაობით კმაყოფილია.
“ლევან სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნით დადგენილი იყო, რომ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მქონდა. ჩემ მიერ ლიტვაში ჩატარებული ალტერნატიული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და შემდგომში ლიტველი და ქართველი ექსპერტების ერთობლივი კომისიური საექსპერტო კვლევის შედეგად, სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება – ფუძის ძვლის მოტეხილობა დამიდგინდა. ასევე გამოძიების მიერ მოპოვებული იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ჩემზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შედეგად, ჩემი ძვირად ღირებული პირადი ნივთებისა და დიდი ოდენობით ფულის ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიერ დაუფლების ფაქტებს“, -განუცხადა “კვირას“ ვალერი გელაშვილმა.
გელაშვილი გამოძიების ტემპებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ძიება სწორად მიმდინარეობს.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს გია სირაძეს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, ბრალდებები დაუმძიმდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები