გართულდა თუ არა მართვის მოწმობის აღება? – „დაზეპირებულ ცოდნას ვერ გამოიყენებენ“

15 დეკემბრიდან მართვის მოწმობის აღების მსურველები გამოცდას ახალი ბილეთებით ჩააბარებენ. გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს უფროსი, იმედა მაკასარაშვილი ბილეთებში ახალ ცვლილებებს განმარტავს. მისი თქმით, თითოეულ საკითხზე გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რაც კანდიდატს სიტუაციის უკეთესად აღქმა-გაანალიზების საშუალებას მისცემს.
„საგამოცდო ტესტების ელექტრონულ ვერსიაში საგამოცდო ტესტის სწორი და არასწორი პასუხების ნუმერაცია გადაადგილდება მათი შინაარსის შეუცვლელად, რაც საგამოცდო ბილეთების მექანიკურად დამახსოვრებას გამორიცხავს. ახალ ბილეთებში აღქმის გასაიოლებლად გამოყენებულია საქართველოს ავტომაგისტრალისა და ქუჩების ფოტოვიდეომასალა. ამასთან, ელექტრონული ტესტირებისას მეტი თვალსაჩინოებისთვის შესაძლებელია საგზაო მოძრაობის კონკრეტული ელემენტის ახლო მანძილიდან დანახვა. ახალი ბილეთები უკვე გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეში“, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება მომსახურების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდზეც. 15 დეკემბრიდან მართვის მოწმობის აღების მსურველები გამოცდას ახალი ბილეთებით ჩააბარებენ“, – განმარტავს მაკასარაშვილი.
რაც შეეხება საზოგადოებაში გაჩენილ კითხვას, გართულდა, თუ არა ბილეთები, საგამოცდო მომსახურების სამმართველოს უფროსის განცხადებით, გამოცდაზე ლოგიკურად აზროვნება იქნება საჭირო და დაზეპირებულ ცოდნას ვერ გამოყენებენ.
„კანონის ცოდნა ადრეც სავალდებულო იყო და ახლაც სავალდებულოა. როგორ ისწავლიან კანონს, ეს მართვის მოწმობის აღების მსურველებზეა დამოკიდებული. ტესტირება ამ კანონის ცოდნის გამოცდაა. ვისაც კარგად ეცოდინება, მისთვის ადვილი იქნება, ცუდად მომზადებულისთვის ახლაც ძნელია და მერეც ძნელი იქნება გამოცდის ჩაბარება. ახალი ბილეთების პლუსი ის არის, რომ დაზეპირებას ვერ შეძლებენ თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორი პასუხის ვარიანტი მუდმივად ცვლადი იქნება ბილეთში შინაარსის შეუცვლელად. თუ პიროვნებამ სწორად არ იცის, რა კითხვაზე რა პასუხი უნდა გასცეს, ან მომზადებული არ არის და დაზეპირებული აქვს სწორი ვარიანტის ნომერი, ამ ნომრით სწორად ვერ უპასუხებს. თუ გააზრებულად არ იცის, ვერ მიხვდება, რომელ ვარიანტში არის სწორი პასუხი.
გამოცდაზე ლოგიკურად აზროვნება იქნება საჭირო და დაზეპირებულიც რომ ჰქონდეთ ტესტები, მაინც ვერ გამოიყენებენ.
სწორად, ან არასწორად გაცემული პასუხის შემთხვევაში საშუალება ექნებათ, ნახონ ვიდეომასალა იმ კონკრეტული სიტუაციისა, რა კითხვაც არის მოცემული ბილეთში“, – ამბობს იმედა მაკასარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები