პრემიერი ირაკლი ალასანიას კრიტიკაზე: მეც არ მომეწონა, რაც ვთქვი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის მისამართით მის მიერ გაკეთებულ შეფასებებს და ამ შეფასებებზე ბიძინა ივანიშილის კრიტიკას გამოეხმაურა. ღარიბაშვილის განცხადებით, ის პირდაპირ ამბობს სათქმელს და საჯაროდ ტყუილის თქმას არასოდეს იკადრებს.
“მე ზოგადად მიყვარს პირდაპირი საუბარი. ხშირად შეიძლება ვთქვა ის, რაც სათქმელია, თუმცა არასდროს ვკადრულობ ტყუილს და არასდროს ვამბობ მას საჯაროდ. მეორე საკითხია რამდენად უნდა მეთქვა ან არ უნდა მეთქვა – მეც არ მომეწონა, რაც ვთქვი, თუმცა თუ შეფასებებში ვიდავებთ, შემიძლია ნებისმიერ ადამიანს შევეკამათო. საერთო ჯამში, ეს ჩემი მხრიდან სათქმელი ალბათ არ იყო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ განცხადებები, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ირაკლი ალასანიას მიმართ გააკეთა, აბსოლუტურად მიუღებელი იყო.
“პრემიერი არის ძალიან ძლიერი პიროვნება, ძალიან მაგარი პრაქტიკოსი. არის გამოუცდელიც, რა თქმა უნდა, – თუ გნებავთ ის განცხადებები, რაც გააკეთა მთავრობის სხდომაზე, აბსოლუტურად მიუღებელი იყო და შეეშალა. ემოციებს უნდა მოთოკვა და აჩვენა, რომ ნაკლები პოლიტიკური პრაქტიკა აქვს გავლილი. ეს გამომჟღავნდა. მეც ვუწუნებ პოლიტიკურ სიმწიფეს. ასეთი ტონით შენს ყოფილ მეგობრებს არ უნდა ელაპარაკო. მეც მქონია ისეთი აქცენტები, რაც არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ირაკლის ახალგაზრდობით მეტი შეეშალა”, – განაცხადა ივანიშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ალასანიას ”ავანტიურისტი” და ”უჭკუო” უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები