მაკა ბოჭორიშვილი: „მოსკოვის მექანიზმი“ საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენების ძალიან კარგი მაგალითია
„მოსკოვის მექანიზმი“ ძალიან კარგი მაგალითი გახლავთ, თუ როგორ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენება. 23-მა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან მიმართებაში აამოქმედოს „მოსკოვის მექანიზმი“, დანიშნოს მომხსენებელი და დაწეროს ანგარიში. ამ ანგარიშის სულისკვეთება უკვე ცხადია, როგორი იქნება“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, მიუხედავად ანგარიშთან დაკავშირებით არსებული ნეგატიური მოლოდინებისა, ექსპერტს მაქსიმალურად მიეწოდა ინფორმაცია და შესაბამისი შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა მიეცა.
„მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი ანგარიშთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ გვექნება პოზიტიური, იმიტომ რომ ვიცით, რისთვისაც არის ეს ყველაფერი ამოქმედებული საქართველოს შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან გამოითქვა ღიაობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მიგვეწოდებინა ინფორმაცია ექსპერტისთვის. ჩვენ უკვე გვქონდა შესაძლებლობა, ექსპერტისთვის აღმოგვეჩინა ერთგვარი დახმარება და მას გაემართა საჭირო შეხვედრები, თუმცა რა წაიღეს ამ შეხვედრებიდან და რა აისახება ანგარიშში, დიდი მოლოდინები არ გვაქვს“, – აღნიშნა საგარეო მინისტრმა.
მისივე თქმით, საბოლოო შეფასება ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გაკეთდება.
„ვნახოთ, როგორი იქნება ეს ანგარიში, რამდენად შორს იქნება ობიექტურ სურათთან და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მასზე ვისაუბროთ, როდესაც ვნახავთ, გავეცნობით და გარკვეულ შეფასებებს გავაკეთებთ. მაგრამ ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ არ უნდა ხდებოდეს საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება, იმიტომ რომ ეს პირველ რიგში აზიანებს სწორედ ამ ორგანიზაციების რეპუტაციას. ჩვენ ვნახეთ ევროსაბჭოს შემთხვევაში, როგორ იქნა გამოყენებული საქართველოსთან მიმართებაში და არაერთი ასეთი მაგალითი არსებობს“, – აღნიშნა საგარეო მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო საერთაშორისო პრინციპების ერთგული რჩება, მიუხედავად გამოწვევებისა.
„კიდევ ერთხელ, საქართველო არის იმ საერთაშორისო წესრიგისა და პრინციპების ერთგული, რაც დღეს არსებობს მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელთან მიმართებაშიც ძალიან უხეშად ხდება ამ პრინციპების დარღვევა. თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ სწორედ ამ პრინციპების ერთგული და კიდევ ერთხელ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება გავამახვილოთ სწორედ მათი დაცვის აუცილებლობაზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.