მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ კიდევ უფრო მჭიდრო უნდა გავხადოთ ის ურთიერთობები, რაც გვაქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და უკეთ გამოვიყენოთ საქართველოს პოტენციალი შუა დერეფნის განვითარებაში
„ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობებზე, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. როდესაც ვსაუბრობთ შუა დერეფნის განვითარებაზე, მათი და ჩვენი ინტერესები ნამდვილად ემთხვევა ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გავხადოთ ის ურთიერთობები, რაც გვაქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და კიდევ უფრო დავაახლოოთ პოზიციები, უფრო უკეთ გამოვიყენოთ საქართველოს პოტენციალი სწორედ ამ კონტექსტში“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მინისტრის თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, შუა დერეფანზე ბევრი დისკუსია იყო და მსგავს განხილვებში თავადაც მიიღო მონაწილეობა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად:
„თქვენ ალბათ ნახეთ აზერბაიჯანის პრეზიდენტიც საუბრობდა შუა დერეფანსა და მის განვითარებაზე და რა თქმა უნდა, ეს ის საკითხია, რომელიც დღის წესრიგში ბუნებრივად დგას და არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ საქართველო უკეთ იყოს სატრანზიტო დერეფანში ჩართული და უკეთ იყოს საქართველოს პოტენციალი გამოყენებული“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა შუა დერეფნის განვითარებაში საქართველოს განსაკუთრებულ როლს და ევროკომისიის მხრიდან ამ საკითხის მიმართ მიდგომებს.
„ძალიან სამწუხაროა ის დამოკიდებულება, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ევროკომისიის მხრიდან. უარყოფის პოზიციაში ყოფნა, რომ არ სურთ არც რეალობის დანახვა და მე მგონი, უკვე აღარც რუკაზე დახედვა, რომ შეამჩნიონ საქართველო, რაც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისევ და ისევ ევროპული უსაფრთხოებისთვის, ევროპული ეკონომიკისთვის და კეთილდღეობისთვის. იმის ნაცვლად, რომ საქართველოსთან იყვნენ ინტენსიურ დიალოგში ამ მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც ვსაუბრობთ შუა დერეფნის განვითარებაზე, ცენტრალური აზიის და ზოგადად აზიის ქვეყნებთან ურთიერთობებზე და დაკავშირებადობაზე.
გახსოვთ ყველას, ალბათ, ევროკომისიის მინისტერიალი, სადაც არ ისურვა კაია კალასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფნა, მაშინ როდესაც მოიწვია ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.