მაკა ბოჭორიშვილი: ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ქართული ტელეკომპანიების დასანქცირების შესახებ ისაუბრა.
მინისტრის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ცინიკური, საფუძველს მოკლებული და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებელია.
„ბევრი რამ ხდება გასაოცარი ჩვენს გარშემო, მათ შორის ის, რაც მოვისმინეთ გუშინ ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან ქართული ტელევიზიების დასანქცირებასთან დაკავშირებით. ერთგვარად ცინიკურიც არის, ზუსტად საბჭოთა ოკუპაციის წლისთავზე და ასეთ თარიღებში გვიწევს ზუსტად ამ თემაზე საუბარი. რას დებენ საქართველოს ბრალად და როგორი ბრალდებები გვესმის ჩვენი ქვეყნის მიმართ – სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ასეთ ხელჩართულ ბრძოლაშია ჩვენი ქვეყანა და გვიწევს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა ასეთი შეტევებისგან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძველზე გააკეთა:
„რა საფუძველი შეიძლება არსებობდეს იმისთვის, რომ ქართული ტელეარხები მოექცეს სანქციების პაკეტში, რომელიც მიმართულია რუსეთთან ბრძოლის მხარდასაჭერად? რისთვის ხდება ამ სანქციების დაწესება: ჩვენ ასე გვესმის, რომ სანქციებს აწესებენ იმისთვის, რომ უკრაინას გაუმარტივდეს რუსეთთან ბრძოლა და რუსეთი დამარცხდეს. მიზანიც ამ სანქციების ხომ არის ის რუსეთი დაამარცხონ, და ამ შემთხვევაში, ცინიკურია, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში კი დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირებას.. გარდა იმისა, რომ სიტყვის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ და მედიაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, როდესაც სანქციებზე ვსაუბრობთ და დასანქცირებაზე, ამას სჭირდება ზუსტად მტკიცე სამართლებრივი საფუძველი“, – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, ბრიტანეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ქართველი ხალხის არჩევანი.
„რაში სჭირდებათ, რომ ასეთი ფორმით განახორციელონ ზეწოლა საქართველოზე, ქართულ საზოგადოებაზე? ჩვენ ვსაუბრობთ პოპულარულ ტელეარხებზე, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სიამოვნებით უყურებს… ეს მიუღებელია ბრიტანეთის ხელისუფლებისთვის. მიუღებელია ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანი“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ღამის კურიერის“ ეთერში მინისტრმა ქვეყნის უპირველესი პრიორიტეტების – ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ყველა ის ქმედება, რასაც უცხო ქვეყნები შეიძლება საქართველოსგან ითხოვენ, ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების კონტექსტში უნდა ფასდებოდეს. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს მაქსიმალურად ფრთხილად, რათა არ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც შეარყევს ეროვნული ინტერესების დაცვას და უსაფრთხოებას.
„ჩვენ ვაკეთებთ მარტივ რამეს – ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის.
დღეს, როდესაც საუბრობენ სანქციებზე, ჩვენ ეს ყველაფერი გამოვცადეთ. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ქვეყანას არ მიაწოდო ენერგორესურსები, რას ნიშნავს ქვეყნის დასანქცირება, რას ნიშნავს საომარ მოქმედებებში იყო ქვეყნის მიმართ – ეს გამოცდილება ქვეყანას აქვს. ეს არის ის, რისიც უფრთხის საქართველოს ხელისუფლება, როდესაც მოქმედებს მაქსიმალურად ფრთხილად, რომ არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და უსაფრთხოებას. ეს არის ის, რაც არ არის მისაღები და არ არის მოსაწონი ჩვენი პარტნიორებისთვის. რა თქმა უნდა, ეს კითხვა არსებობს და ლეგიტიმურია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოს მკაფიო პოზიცია რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქართველო ვერ და არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მსგავსი ზომები ფაქტობრივად არანაირ ეფექტს არ მოიტანს რუსეთისთვის, ხოლო საქართველოსთვის მაღალი რისკის შემცველი იქნება:
„ჩვენ ვერ ვაწესებთ და არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ ამას ფაქტობრივად არანაირი ეფექტი არ ექნება რუსეთისთვის და ექნება ძალიან დიდი ეფექტი საქართველოსთვის. მეორე, არ ვიცით რა უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დააყენებს ჩვენს ქვეყანას, არ გვაქვს უსაფრთხოების არანაირი გარანტია. ჩვენი ქვეყანა არ არის არც ერთი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი. ამაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობთ და ძალიან კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს არანაირი უსაფრთხოების ქოლგა. ამ პირობებში, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა, რაც ოდნავ მაინც კითხვის ნიშანს გააჩენს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, არის უპასუხისმგებლობა. ჩვენს ქვეყანას დღეს ვერ ეყოლება და არ ჰყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება. შესაბამისად, ჩვენ ვერ გადავდგამთ ვერც ერთ ისეთ ნაბიჯს, რაც ოდნავ მაინც შეარყევს ამ ქვეყნის უსაფრთხოებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ღამის კურიერის“ ეთერში მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის სანქციების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს მკაფიო პოზიციაზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს სანქციების თავიდან ასარიდებლად ქვეყნის ტერიტორიების გამოყენებას. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა ქვეყნის პორტების ან სხვა ტერიტორიების სანქციების თავიდან ასარიდებლად გამოყენებას.
„ჩვენ ვსვამთ მარტივ კითხვას: სად არის რაიმე მაგალითი ან ფაქტი იმისა, რომ ეს პორტი ან ნებისმიერი პორტი ან საქართველოს ტერიტორია გამოიყენება სანქციების თავიდან ასარიდებლად? ჩვენ გვაქვს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ევროკომისიის შესაბამის სამსახურებთან, იყო წერილების გაცვლა, სამუშაო დონეზე შეხვედრები. ეს ემსახურებოდა ერთადერთ რამეს – რომ ვიყოთ კოორდინაციაში, როდესაც სანქციების შესრულებაზე ვსაუბრობთ. ამ შემთხვევაში, როდესაც ევროკავშირი აპირებს ქართულ პორტს დასანქცირებას, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ეს წარმოშობს კითხვებს – რას ემსახურება ასეთი ზეწოლა ქვეყანაზე“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მაქსიმალური პასუხისმგებლობით უდგება და ქვეყნის ინტერესების დაცვა ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება.
„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რა საფრთხეები შეიძლება შეუქმნას საქართველოს იმ ნაბიჯებმა, რაც ხშირად მოეთხოვებოდა საქართველოს. შესაბამისად, პასუხისმგებლობა პირველ რიგში ჩვენზეა, როდესაც ჩვენს ქვეყანას ეხება საქმე და ჩვენ ვერ ვიქნებით ამ პასუხისმგებლობისგან თავისუფალი ჩვენს გადაწყვეტილებებში. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ისე, რაც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და არა სხვა ქვეყნის ინტერესებს“, – ხაზგასმით აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.