პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა, 979 აბი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 47 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი ნივთიერება, რაც სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნივთიერებები სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ბრალდებულისგან ამოიღეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) და 261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო შეძენა შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.