ინფრასტრუქტურის სამინისტროში საგზაო სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან ერთად, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და საგზაო სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით უკვე გამოცხადებული და დაგეგმილი ტენდერები. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე მზად არის დაახლოებით 30 ტენდერის, 650 მილიონი ლარის ოდენობის პაკეტი, რომლებიც რამდენიმე დღიანი შუალედით გამოცხადდება.
„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ტენდერებში ქართული კომპანიების მონაწილეობის შესაძლებლობის გაზრდას. მინისტრის განმარტებით, ამ საკითხზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან.
ასევე, ხელშეკრულებებში სავალდებულო პირობად განისაზღვრება ქვეკონტრაქტორებად ქართული კომპანიების ჩართვა და საქართველოს მოქალაქეების დასაქმება, რის შესრულებაზეც მონიტორინგი განხორციელდება.
რევაზ სოხაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხარისხზე კომპრომისი არ დაიშვება. ამასთან, კომპანიებს მიეცათ რეკომენდაცია დაიწყონ ფინანსური აუდიტის ჩატარება, რადგან სამომავლოდ სატენდერო პირობებში ფინანსური აუდიტის მოთხოვნა იქნება გათვალისწინებული.
მინისტრმა ასევე ისაუბრა საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და სამშენებლო კომპანიებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ინიციატივა გამოთქვა, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ფარგლებში შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც ყოველთვიურად, მათ შორის მინისტრის ჩართულობით, განიხილავს არსებულ პრობლემურ და გადასაჭრელ საკითხებს და უზრუნველყოფს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს.
„ქართულ კომპანიებს ვუყურებთ როგორც პარტნიორებს. რაც უფრო ძლიერები იქნებით თქვენ, მით უფრო მშვიდად ვიქნებით ჩვენ. ჩვენი მხრიდან იქნება პატიოსანი და სამართლიანი დამოკიდებულება და ანალოგიურს ველით თქვენგანაც“, – განაცხადა მინისტრმა.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ დაგეგმილია დაახლოებით 4 მილიარდი ლარის ტენდერების გამოცხადება – გაგრძელდება კახეთის მაგისტრალის, დაიწყება თბილისის შემოვლითი გზის და არშა-სტეფანწმინდას საავტომობილო გზის მშენებლობა, რაზეც შესაბამისი ტენდერები მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება. დაწყებულია სამტრედია–ზუგდიდის მაგისტრალის ასევე გორამდე დამატებითი ზოლების მოწყობისა და არსებული ზოლების რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოები.
მინისტრის განცხადებით, სამინისტრო მუშაობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ახალ სტრატეგიაზე და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე. დაგეგმილია, რომ მაგისტრალური გზების მშენებლობის ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაეკისრებათ მათ მიერ აშენებული გზის მოვლა-შენახვის ვალდებულებაც, განისაზღვრება მოვლა-შენახვის ახალი ინდიკატორები და ეტაპობრივად განხორციელდება მაგისტრალურ გზებზე ავტომობილების წონის კონტროლის სასწორების მონტაჟი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.